მამუკა მდინარაძე - გადაწყვეტილება არის მიღებული, რაც ვთქვით, ის უნდა გავაკეთოთ და მივიყვანოთ ბოლომდე
აქ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, დაიხატა სურათი, თითქოს პროპორციულ სისტემას მხოლოდ ნაკლოვანებები ახლავს და თითქოს ეს არის ქვეყნის დაღუპვა, რაც არის აბსოლუტურად არასწორი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, როდესაც ამ თემაზე საჯარო პოლემიკა იმართება.
„დავადასტურე პატივისცემა სახალხოდ, დიმიტრი ხუნდაძე თქვენს მიმართაც, მათ შორის, თქვენ ჩემი უფროსი მეგობარი ბრძანდებით. ბევრი ვილაპარაკეთ ჩვენ ამ თემებზე. სამწუხაროა, რომ ამ თემებზე საჯაროდ გვიწევს პოლემიკაში შესვლა ერთმანეთთან, მაგრამ რადგან ასე მოხდა, კი ბატონო. გიდასტურებთ, რომ რამდენიმე ადამიანთან, თქვენს გარდა, გვქონდა, ასევე, საქმიანი საუბარი ამ დღეების განმავლობაში, თუმცა, მე არ მგონია, რომ სწორი იყოს ამ თემის ასე საჯაროდ გამოტანა. გადაწყვეტილება იყო და არის მიღებული. ჩვენ რაც ვთქვით, ის უნდა გავაკეთოთ და მივიყვანოთ ბოლომდე. თქვენ, ბატონო დიმიტრი ხუნდაძე, ციტატა მოიტანეთ ირაკლი კობახიძის წიგნიდან, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს, ისიც ვთქვათ, რომ ირაკლი, თქვენს წიგნში არ არის მხოლოდ პროპორციული სისტემის ნაკლოვანებებზე საუბარი. იქ არის პლიუსებზეც საუბარი. ჩემი თხოვნაც თქვენს მიმართ ამაში მდგომარეობს, რომ თქვენი პასუხების დროს დეტალურად განმარტოთ პროპორციული სისტემის პლიუსებზე, სულ რომ ყველაფერს თავი დავანებოთ და არ მგონია, რომ ქვეყნის დაღუპვა იმაში მდგომარეობდეს, ან მაინცდამაინც უნდა ავყვეთ „ნაციონალური მოძრაობის“ თუ რომელიმე ფრთის პათეტიკას და დემაგოგიას, ამის მიხედვით ვცვალოთ გადაწყვეტილებები. თორემ, სხვა შემთხვევაში, დაგეთანხმებოდით ამაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე დღეს დაიწყო. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდა.