მამუკა მდინარაძე - ევროპის საბჭოს მინისტერიალზე დელეგაციების საკითხს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადავწყვეტთ
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობასთან დაკავშირებით დელეგაციების საკითხს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადავწყვეტთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, გრიგორი კარასინის განცხადება ამ საკითხზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს.
„გრიგორი კარასინის განცხადებას ცალკე აღებული არ შევაფასებ, რადგან მისი განცხადება არ არის არც ფაქტორად მიჩნეული და არც პოზიტიურ ან ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს, რადგან ვაპირებთ, დელეგაციების საკითხი საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტოთ. ერთი მხრივ, კანონი არ დავარღვიოთ და მეორე მხრივ, ჩვენი ეროვნული ინტერესი გვერდზე არ გადავდოთ; ასევე საერთაშორისო პარტნიორების ყველა რჩევა გავითვალისწინოთ. ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად არ მივიღებთ, ყველა ინტერესს თანაბარი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, ხომ არ აფრთხილებს კრემლი საქართველოს, რომ ვალდებულია, რუსეთის დელეგაცია დაიცვას, მამუკა მდინარაძე პასუხობს, კრემლმა თავისი პოლიტიკოსები გააფრთხილოს.
„არ მომწონს, როცა კითხვა „კრემლი გვაფრთხილებს” ფორმულირებით ისმის. კრემლმა გააფრთხილოს თავისი პოლიტიკოსები, რომლებიც თავხედურ განცხადებას აკეთებენ, განსაკუთრებით, ოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებით. მესაუბრებით მხარეზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი აქვს ოკუპირებული. გავა დრო და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს დაუბრუნდება დეფაქტოც და დეიურეც. კრემლის გაფრთხილება აბსოლუტურად სხვა საკითხია. აბსოლუტური თავხედობაა რაღაც გაფრთხილებაზე საუბარი, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს. ოკუპანტი გაფრთხილების ტონით არ უნდა საუბრობდეს. ჩვენ ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა გვაქვს. რა თქმა უნდა, პრაგმატული პოლიტიკის ფარგლებში, ვაწარმოებთ სამშვიდობო პოლიტიკას, რომ დეოკუპაცია იყოს შეუქცევადი პროცესი. ეს ქართველი ადამიანის თავიდან და გონებიდან არასდროს ამოვა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსეთი მაისში, თბილისში დაგეგმილ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ გაემგზავრება თბილისში რუსეთის მხრიდან.