მამუკა მდინარაძე - ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნაში ფაქტობრივი უზუსტობებია, რაც ნამდვილად უხერხულია
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძის განცხადებით, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დასკვნაში პოზიტიურადაა შეფასებული კანონმდებლობა, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში დაიხვეწა.
მისივე თქმით, დასკვნაში არის კრიტიკული ნაწილიც, თუმცა, როგორც მდინარაძე ამბობს, ეს ნაწილი ფაქტობრივ უზუსტობებს შეიცავს.
„ეს დასკვნა შეიცავს პოზიტიურ ნაწილსაც, კანონმდებლობასთან დაკავშირებით, თვითონ რეფორმასთან დაკავშირებით. კანონმდებლობა არის ისეთი დახვეწილი, მისი ანალოგი, გამჭირვალობის და ღიაობის თვალსაზრისით მსოფლიოში არ არის. მაგრამ, რა თქმა უნდა, არის კრიტიკული ნაწილი, თუმცა იქ არის ისეთი ფაქტობრივი უზუსტობები, რაც ნამდვილად უხერხულია და ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციებისგან ამას ჩვენ მიჩვეულები არ ვართ. ისეთ ფაქტობრივ უზუსტობებზეა საუბარი, მაგალითად, როდესაც შშმ პირს ჰქონდა საშუალება, რომ მიეღო მონაწილეობა ამ მოსმენებში და დასკვნაში არ ჩანს, რომ მათ სცოდნოდათ ის, რომ რატი იონათამიშვილი პარლამენტის წევრია. ასევე, დასკვნაში საუბარია, რომ ფრაქციების წევრებს შეეძლოთ დაეთმოთ დრო, თუმცა ეს იყო მხოლოდ შიდაპარტიული დათმობა და სხვა პარტიის წევრებს ეს არ შეეძლოთ. ესეც კი, გახდა კრიტიკის საფუძველი. ანუ არის საკითხები, რომელიც კონტექსტიდან არის ამოვარდნილი, ფაქტობრივი უზუსტობებიც არის და ამაზე დაყრდნობით კრიტიკა, რამდენად რეალურია, თავადაც ხვდებით“, – განაცხადა მდინარაძემ.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებს.