მამუკა მდინარაძე - ეუთო/ოდირის დასკვნით საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველოში შედგა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, ძირითადი უფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები
ეუთო/ოდირის დასკვნით საბოლოოდ დადასტურდა, რომ საქართველოში შედგა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, ძირითადი უფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნის კომენტირებისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ოპოზიცია ასეთ დასკვნას ელოდა და სწორედ ამიტომ დადგა სპექტაკლები.
„დღეს საბოლოოდ დაესვა წერტილი და დადასტურდა ის სიმართლე, რასაც თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, ძირითადი უფლებების დაცვით ჩატარებული არჩევნები ჰქვია. საქართველოში ეს არჩევნები შედგა და მის შესახებ უამრავი სპეკულაცია მოვისმინეთ. სწორედ იმის გამო, რომ ეუთო/ოდირისგან ასეთი დასკვნის მოლოდინი იყო, ამ ყველაფერს წინ უძღოდა ოპოზიციის მიერ დადგმული სპექტაკლები.
ეუთო/ოდირის დასკვნა არის ბეჭედი იმ სიმართლის დასამტკიცებლად, რაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ცოტა არ იყოს რთული გასატანი გახდა, მაგრამ საზოგადოებამ საბოლოოდ ყველაფერი ნათლად დაინახა. ამ სიმართლის კიდევ ერთი დადასტურება ეუთო/ოდირის დღევანდელი დასკვნა იყო. სამწუხაროა ყველაფერი დანარჩენი, სამწუხაროა ის, რაც არ ემსახურება სიმართლის საზოგადოებამდე მიტანას და სამწუხაროა, როდესაც სიმართლის წინააღმდეგ იბრძვიან კონკრეტული ადამიანები თუ პოლიტიკური სუბიექტები.
ისევე როგორც ყველა სხვა ქვეყანაში წარმატებული არჩევნების დროს, აქაც იყო ხარვეზები და ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამთ მზაობას, რომ საარჩევნო რეფორმა მხარეებს შორის შეთანხმებით ჩატარდეს ისე, რომ ყოველი შემდეგი იყოს წინაზე უკეთესი“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ასევე შალვა ნათელაშვილის განცხადებაზე, რომლის თქმითაც, „ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიები საქართველოში ფულის საკეთებლად ჩამოდიან“.
„ეს არის ასტრალი, რომელში მსჯელობაშიც მე ვერ შევალ ვერავისთან“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში 5 მარტს გამოაქვეყნა.