მამუკა მდინარაძე - ეროვნული ბანკის მყარი არგუმენტების შემდეგ ვიწროპარტიული მიზნების წინ დაყენება ანტისახელმწიფოებრივი აზროვნებაა
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლთა განცხადებებს, რომლებიც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, ეროვნული ბანკის არგუმენტების მიუხედავად, „თიბისი ბანკის“ საკითხის საჯაროდ განხილვას მოითხოვდნენ.
მდინარაძის თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მყარი არგუმენტები წარადგინა, თუ რატომ არ შეიძლება საკითხის საჯაროდ განხილვა.
„როდესაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მრავალ მყარ არგუმენტს წარადგენს, რომ თემაზე ასე საჯაროდ, მხარეების მონაწილეობით გამართული დისკუსია და მოსმენა დააზიანებს საფინანსო ინსტიტუტებს და შენ მაინც ეუბნები, რომ ეს არ მაინტერესებს, საკუთარ პოლიტიკურ, ვიწროპარტიულ მიზნებს ამაზე წინ აყენებ, ანტისახელმწიფოებრივი ლოგიკა და ანტისახელმწიფოებრივი აზროვნებაა. რაც არ უნდა დამაზიანებელი მესიჯები გამოუშვან და დამაზიანებელი სლოგანები შექმნან კომიტეტის მიმდინარეობის დროს, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ, არგუმენტები რამდენად მყარია, რამდენად დაზიანდება საფინანსო ინსტიტუტები და ამ ყველაფერს მოვუფრთხილდეთ“, – განაცხადა მდინარაძემ კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.
რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია „ტყვეობაში“ იყო, მდინარაძე პოპულისტურს უწოდებს.
„რომან კაკულია თუ პოლიტიკურ ტყვეობაში იყო, გამოდის, ამაში მონაწილეობას „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დავით ბაქრაძე, სერგი კაპანაძე და გიგა ბოკერია იღებდნენ, რადგან ეს ადამიანები ერთი წამით არ მოგვშორებიან. ამ ერთად ყოფნის და კამათის შემდეგ იგივე განცხადების გაკეთება რამდენად პოპულისტურია, თქვენ განსაჯეთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.
კითხვაზე, რომ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე არ იყო საჯარო განხილვის წინააღმდეგი, დეპუტატის თქმით, „თიბისი ბანკს“ სხვა აქციონერებიც ჰყავს.
„აქ ობიექტი მხოლოდ ბანკი და ამ ბანკის 13 თუ 15 პროცენტიანი მოწილე არ არის. ბანკში სხვა აქციონერებიც არიან, რომლებმაც წინა დღეებში გადაწყვეტილება მიიღეს, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას დაეთანხმნენ. საუბარი არ იყო მხოლოდ ერთ ფინანსურ ინსტიტუტზე, საუბარია მთლიანად საფინანსო სისტემაზე. აქედან გამომდინარე არგუმენტი, რომ ერთი კონკრეტული სუბიექტი, კონკრეტული მეწილე ეთანხმება ან არ ეთანხმება რამე მოსაზრებას, კომიტეტისა და პარლამენტის გადაწყვეტილების საფუძველი ვერ იქნება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
კომიტეტის სხდომაზე „თიბისი ბანკის“ საკითხის საჯარო განხილვას საპარლამენტო ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ. სხდომის დაწყებისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განმარტა, რატომ არ მიაჩნდა ამ თემის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად. ამასთან, გვენეტაძემ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა რეგულატორის დამოუკიდებლობაზე იერიშის მიტანად შეაფასა. დეპუტატების განცხადებებისა და კამათის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ სხდომა დასრულებულად გამოაცხადა. მისი თქმით, საკითხის საჯაროდ განხილვა შეიძლება, საფრთხეს შეიცავდეს.
კომიტეტის სხდომას „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძეც ესწრებოდნენ.