მამუკა მდინარაძე - დღის წესრიგი საქმიან რაკურსზე უნდა გადავიტანოთ
მამუკა მდინარაძე - დღის წესრიგი საქმიან რაკურსზე უნდა გადავიტანოთ

პრემიერ-მინისტრს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ ვიღაცის ახირებებზე მსჯელობისთვის და მსჯელობაში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღის წესრიგი საქმიან რაკურსზე უნდა გადაიტანონ.

„ჩვენ საქმეზე და საქმიან რაკურსზე უნდა გადავიტანოთ ჩვენი დღის წესრიგი. კონკრეტული პირობები მოლაპარაკების მაგიდაზე დადეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, რასაც პრინციპულად ვეთანხმებოდით და მზად ვიყავით, ხელი მოგვეწერა ძალიან მცირე, რამდენიმე შენიშვნის თანხლებით. თუ რადიკალური ოპოზიცია მზად იქნება იმ მოლაპარაკებების განახლებისთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორების პირობებზე წამოვლენ, მაშინ მზად ვართ, ამ მოლაპარაკებებში ხელახლა ჩავერთოთ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა დაგროვილი. მოლაპარაკებების შეწყვეტაზე საუბარი არ არის. ჩვენ მზად ვართ, მზად ვიყავით და თუ ჩვენი ევროპელი პარტნიორების დადებულ პირობებზე იქნებიან თანახმა, ჩვენ მათთან საუბარს ყველა შემთხვევაში განვაახლებთ ნებისმიერ რეჟიმში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ უფლებას იტოვებენ, აღარ დაკარგონ დრო ახირებებზე, არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე, არამედ ორიენტირებული იყვნენ ხალხისა და ქვეყნის პრობლემებზე.