ირაკლი ღარიბაშვილი - უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ახირებებზე, არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე და მთლიანად ვიყოთ ორიენტირებული ხალხისა და ქვეყნის პრობლემებზე
ირაკლი ღარიბაშვილი - უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ახირებებზე, არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე და მთლიანად ვიყოთ ორიენტირებული ხალხისა და ქვეყნის პრობლემებზე

დავრწმუნდით, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე. დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას აწუხებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ პარტიას არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დროის დახარჯვა აღარ სურს.

„კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც არ ყოფილა.  ეს ბუნებრივია, რადგან ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა, მთელი დასავლური საზოგადოება, მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მის შედეგებს. შესაბამისად, შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. თუმცა, ცივილიზებული სამყაროს საზოგადოებისგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია არ ცდილობს, გამოვიდეს ამ ჩიხიდან, სადაც ნებაყოფლობით, თუმცა სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა. დავრწმუნდით, რომ მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე და ხელი მოეწერათ დოკუმენტზე. დღეს, როცა ვითარება ყველასთვის ცხადია, უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ვორიენტირდეთ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას აწუხებს. მასშტაბურ პროექტებს წარმოვადგენთ უახლოეს რამდენიმე კვირაში, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ არ გვექნება დასაკარგი დრო არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა იმ საკითხზე, რომელიც მედიატორის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში იყო მოცემული, მმართველ გუნდს შემხვედრი პოზიცია ჰქონდა.

„ჩვენმა გუნდმა მაქსიმუმი გააკეთა შეთანხმების მისაღწევად, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას შეთანხმება რა სურდა. სთხოვდა მედიატორს დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანას და მოლაპარაკების ჩაშლაზე იყო ორიენტირებული. ამას ადასტურებენ ოპოზიციის შედარებით ზომიერი წარმომადგენლებიც. ვფიქრობ, ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი სინამდვილეში თავად რადიკალური ოპოზიციის მწვავე კრიზისია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.