მამუკა მდინარაძე - დღეს სხვის მაგივრად შემრცხვა, სახის დაკარგვის ერთ-ერთი განსაკუთრებული მაგალითი ვნახეთ
მამუკა მდინარაძე - დღეს სხვის მაგივრად შემრცხვა, სახის დაკარგვის ერთ-ერთი განსაკუთრებული მაგალითი ვნახეთ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სხვისი საქციელის გამო, შერცხვა.

„ხომ გქონიათ ყველას მომენტი, როცა გრცხვენია სხვისი მოქმედების და მე მაგალითად ეს მომენტი მქონდა. სახის დაკარგვის რაღაც კონკრეტული მაგალითები ბევრი ვნახეთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი განსაკუთრებული იყო. გულწრფელად გეუბნებით, დღეს სხვის მაგივრად მე მრცხვენოდა. ეს სხვები იყვნენ ქალბატონები, ვინც ეს პერფორმანსი დადგეს. მე მგონია, ამის იქით კომენტარიც არ უნდა გავაკეთოთ. ამ კადრებს შეიძლება ჩვეულებრივად უკომენტაროდ დაეწეროს“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რაც შეეხება გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძის მიმართ კითხვებს, მდინარაძე ამბობს, რომ კითხვები აქვს რეფორმებთან დაკავშირებით და აინტერესებს, გაძლიერდება თუ არა დეპარტამენტი, რომელიც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებს იძიებს.

„დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ამ სხდომას ესწრებიან, არამედ უმრავლესობის წევრებიც დასვამენ უამრავ შეკითხვას. მათ შორის მე პირადად მაქვს შეკითხვა ირაკლი შოთაძესთან, გაძლიერდება თუ არა ის დეპარტამენტი, რომელიც სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, რადგან მგონია, რომ საკმარისი არ არის გენერალურ პროკურატურაში დღეს გამომძიებლების ის რაოდენობა, რომლებიც სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით საქმეებს იძიებენ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით ბატონი ირაკლი ქმედით ნაბიჯებს გადადგამს. გულწრფელად მგონია, რომ დეპარტამენტი მუშაობს. გასაგებია, რომ ძალიან ბევრი საქმე კონკრეტული შედეგით დამთავრდა,  ქონებები დაბრუნდა და კონკრეტული გადაწყვეტილებები იყო მიღებული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კითხვები რეფორმებთან დაკავშირებით იქნება და შოთაძის მხრიდან პასუხები გაეცემა“ ,- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის მოსმენა ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.