იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა ნიღბებით მივიდნენ [ვიდეო]

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უნდა მოუსმინონ, ხმაურია.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა დარბაზში შევიდნენ და ირაკლი შოთაძეს ბიძინა ივანიშვილის მონა უწოდეს. კომიტეტის სხდომაზე თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბებით მივიდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატები გენერალური პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურას აპროტესტებენ.

„ბიძინა ივანიშვილმა შოთაძე დააყენა, რომ პოლიტპატიმრებით მართოს ქვეყანა, მაგრამ რამდენი პოლიტპატიმარიც უნდა ჰყავდეს ბიძინა ივანიშვილს, ბატონო შოთაძე, ჩვენ ვერ გაგვაჩერებს“, – მიმართა ბოკუჩავამ ირაკლი შოთაძეს.

სხდომის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მათ რამდენჯერმე მოუწოდა სიმშვიდისკენ.

„დაწყნარდით, თქვენი პერფორმანსები თქვენთვის შეინახეთ. შეგიძლიათ დარჩეთ, კორექტულად მოიქცეთ, როგორც პარლამენტის წევრებს შეეფერება და დასვათ კითხვები. ჩვენ ვერ ავყვებით ასეთი უპასუხისმგებლო პარლამენტის წევრების საქციელებს. გადავიდეთ საქმიან ფორმატზე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატების ქმედებები დარბაზში მყოფმა ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ გააპროტესტა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაგრძელდა მას შემდეგ, რაც დარბაზი თინა ბოკუჩავამ და ელენე ხოშტარიამ დატოვეს.