მამუკა მდინარაძე - დავუტოვოთ პარტიის ლიდერს უფლება, რომ თავად გააკეთოს განცხადება სამთავრობო ცვლილებებზე
დავუტოვოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარტიის ლიდერს უფლება, რომ თავად გააკეთოს განცხადება სამთავრობო ცვლილებებზე,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე პარტიის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.
„სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ამ წუთებშიც მიმდინარეობს მსჯელობა. ხვალ პრემიერ-მინისტრი ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას გააკეთებს.
ამ ეტაპზე სხვა კომენტარებისგან ალბათ თავი უნდა შევიკავოთ. პარტიის ხელმძღვანელობასთან არის კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით. პარტიის ხელმძღვანელობა მსჯელობს გარკვეულ საკითხებზე. კონკრეტული დეტალების დაზუსტება ამ ეტაპზე არ შემიძლია.
დავუტოვოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარტიის ლიდერს იმის უფლება, რომ ხვალ თავად გააკეთოს განცხადება“,- განაცხადა მდინარაძემ.
საქართველოს მთავრობაში მასშტაბური სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ გააკეთებს.
პირველი არხის ინფორმაციით, დაგეგმილია რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. კერძოდ – 18 სამინისტროს ნაცვლად 13 სამინისტრო დარჩება.
გარდა ამისა, საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების ფარგლებში შესაძლოა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო გაუქმდეს.
ამასთან, მთავრობაში ცვლილებების პარალელურად შესაძლოა, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება ჩამოყალიბდეს.
რაც შეეხებათ მინისტრებს, პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად შესაძლოა, გიორგი გახარია დაინიშნოს. გიორგი გახარია ამ თანამდებობაზე მოქმედ მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეცვლის.
ეკონომიკის მინისტრად სავარაუდოდ ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაბრუნდება. ქუმსიშვილი პირველი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკური ბლოკის კოორდინატორი იქნება.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას შეცვლის შესახებაც.