მამუკა მდინარაძე - საგანელიძე წუხდა, ხომ არ იყო მისი ახლანდელი საქმიანობა შეუთავსებელი პოლიტსაბჭოს წევრობასთან, რაც პრობლემა არ არის და ის საბჭოს წევრად რჩება
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრად რჩება.
როგორც სხდომის შემდეგ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, საგანელიძემ მიიღო შეთავაზება და პოლიტსაბჭოს წევრად დარჩება. მისი ახლანდელი საქმიანობა პოლიტიკური საბჭოს წევრობასთან შეუთავსებელი არ არის.
„დავით საგანელიძემ დააყენა ეს საკითხი პოლიტსაბჭოს სხდომაზე. მას ჰქონდა გარკვეული წუხილი იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იყო მისი ამჟამინდელი საქმიანობა და თანამდებობა შეუთავსებელი ამ პოზიციასთან. ჩვენ, განსაკუთრებით იურისტებმა ვუთხარით, რომ არანაირი პრობლემა ამაში არ არსებობს. ამიტომ, მან მიიღო ჩვენი შეთავაზება დარჩენილიყო პოლიტსაბჭოს წევრად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაასახელა. როგორც კალაძემ განაცხადა, პოლიტსაბჭოში 15 წევრი იქნება.
ამასთან, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს ახალ შემადგენლობაში საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი აღარ იქნება.