მამუკა მდინარაძე - დავით არახამია გამოირჩევა უბინძურესი მესიჯბოქსით, უკრაინაში ომია და მას სცალია ყოველ მეორე დღეს საქართველოსთვის, იმის მცდელობისთვის, რომ საქართველოც იგივე მდგომარეობაში ჩადგეს
მამუკა მდინარაძე - დავით არახამია გამოირჩევა უბინძურესი მესიჯბოქსით, უკრაინაში ომია და მას სცალია ყოველ მეორე დღეს საქართველოსთვის, იმის მცდელობისთვის, რომ საქართველოც იგივე მდგომარეობაში ჩადგეს

უკრაინაში ომია, რუსეთი ახორციელებს აგრესიულ ომს და დავით არახამიას სცალია ყოველ მეორე დღეს საქართველოსთვის და იმის მცდელობისთვის, რომ საქართველოც იგივე მდგომარეობაში ჩადგეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, დავით არახამია უბინძურესი „მესიჯბოქსით“ გამოირჩევა.

„სამწუხაროდ, ჩემი უკრაინელი კოლეგა აღმოჩნდა ადამიანი, რომელიც გამოირჩევა უბინძურესი მესიჯებით. ეს თავდასხმა ხდება მაშინ, როდესაც მის ქვეყანაში ომია, რუსეთი ახორციელებს აგრესიულ ომს და ამ ადამიანს სცალია ყოველ მეორე დღეს საქართველოსთვის, იმის მცდელობისთვის, რომ საქართველოც იგივე მდგომარეობაში ჩადგეს, თუ რა უნდა, კაცმა ვერ გაიგო. საქართველოს პიარით არის დაკავებული თავისი უბინძურესი მესიჯბოქსით, „ნაცმოძრაობის“, მათი ლობისტების, თუ დავალებების მიმცემების კვალდაკვალ და საქართველოში „ნაცმოძრაობის“ მედია, „ნაცები“ აყოლილი არიან ამ ბინძურ მესიჯებს. მიზანი არის საქართველოს დაზიანება და საქართველოში „ქართული ოცნების“ „ნაცმოძრაობით“ ჩანაცვლება, ამ ქვეყნის ომში ჩართვა. მისი კოლეგები და მასთან ერთად, ათ კაციან თათბირებზე ვინც მონაწილეობას იღებენ, ისინიც მათ შორის საუბრობდნენ საქართველოს ჩართვაზე. მემგონი, ჩვენ ამ მესიჯის გახმოვანება დავაგვიანეთ, უკრაინა ომში ჩართული ქვეყანაა, ოკუპანტის აგრესიის მსხვერპლია, ისევე როგორც საქართველო, ამ შემთხვევაში სხვა ფორმით. წარმოიდგინეთ, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ომში ჩართული, ომის და აგრესიის ობიექტი ხელისუფლების წარმომადგენელი თავს ესხმის ასევე ოკუპირებული ქვეყნის ხელისუფლებას, მეტი სიბინძურე რა უნდა იყოს, ვორდინგშიც რომ არ გამოიხატოს სიბინძურე. ქართული მედიასაშუალებების ნაწილი, რომელიც „ნაცმოძრაობას“ ეკუთვნის, სამწუხაროდ, არიან აყოლილი ამ სიბიძნურეს. ის ამას ილაპარაკებს, შეიძლება, უარესებიც თქვას, მაგრამ ქართველები, ჩვენი თანამოქალაქეები, ოღონდ „ნაცმოძრაობის“ იმ სექტიდან, ამას ემიჯნებიან, თუ ეთანხმებიან, ბოლო ბოლო, ცოტა მკაფიოდ დააფიქსირონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

უკრაინის რადაში პარტია „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერმა, დავით არახამიამ გუშინ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა: „ბიჭებო, პირდაპირ გეუბნებით, ცოტა აკურატულები იყავით გამონათქვამებში, რადგან მარტო ივანიშვილი არ იქნება სანქციების სამიზნე, ეს შეეხება როგორც მის ბიზნესგარემოცვას, ისე პოლიტიკოსებსაც“.

მან ასევე აღნიშნა: „მზად ვარ, პირადად ჩამოვიდე, თქვენი პოლიტიკოსები ევროპის ლიდერებთან დავაკავშირო, ოღონდ ერთი პირობით, ჩემთვის სულერთია, რა ერქმევა პარტიას, სულერთია პოლიტიკოსის გვარი, მთავარია, პრორუსი არ იყოს“.

ამავდროულად, დავით არახამიამ განაცხადა, რომ „ბიძინა ივანიშვილი კეთილად თუ არ წავა, აივსება მოთმინების ფიალა, ხალხი მას მაინც გააგდებს, ეს უკვე შეიძლება, მოხდეს რევოლუციით, ძალადობრივი გზით“.