მამუკა მდინარაძე - დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ სამწუხაროდ, ოპოზიცია ძირს უთხრის დემოკრატიას
ამერიკელი პარტნიორების მესიჯი ემთხვევა ევროპელი პარტნიორებისა და კოლეგების მესიჯს, რომლის მიხედვით, როცა ოპოზიცია პარლამენტში არ შემოდიოდა და რადიკალურ ქმედებებზე მიდიოდნენ, ეს არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების საკითხზე საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადების კომენტირებისას.
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორები ამბობენ, რომ სამწუხაროდ, ოპოზიცია ძირს უთხრის დემოკრატიას.
„ნიკა მელიამ და მიხეილ სააკაშვილმა, რომლებმაც უზრუნველყვეს ის, რომ ნიკა მელია უნდოდა თუ არა ვინმეს, ყოფილიყო დაპატიმრებული და მას შეფარდებოდა პატიმრობა, ეს იყო მათი გადაწყვეტილება. თეორიულადაც კი შეუძლებელია, სახელმწიფომ რომ მოინდომოს პოლიტიკური დევნა, დააპატიმროს ადამიანი, თუ ის მარტივ მოქმედებას გააკეთებდა – გირაოს გადაიხდიდა, რაც უკვე ერთხელ გააკეთა. რადგან ეს არ გააკეთა, მისი ქმედება და დამდგარი შედეგი არის მიზეზშედეგობრივად იდენტური და რელევანტური. მათ ეს უნდოდათ, გააკეთეს და ახლა აანონსებენ სრულიად ახალ ნარატივს, რომელიც დილით გავრილოვის პროვოკაცია და საღამოს მელიასი, ასევე გაყალბებული არჩევნების მოგონების სახით, არ შეიძლება, „ნაცმოძრაობამ” ეროვნული მოძრაობა დაანონსოს, ეს არის შეუთავსებელი ცნება. „ნაცმოძრაობა” როგორც იდენტობა მკვლელობის, რეალური რუსული საქმის კეთების და ეროვნული მოძრაობა – ეროვნული იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი მოქმედების ამსახველი ფრაზა იყოს თავსებადი. არ შეიძლება, ანტირუსულ თემებზე „ნაციონალების“ ოფისიდან ის ხალხი გელაპარაკოს, რომელთა შორის ყოველი მეორე გამომსვლელი პირდაპირ დაკავშირებულია რუსეთთან და ნაციონალები ბრალს დებდნენ სისხლის სამართლის სახით. ეს ადამიანები დალინკული არიან რუსეთთან და ოკუპაციის შემდეგ ზოგიერთი მათგანი პუტინის გვერდითაც კი გვახსოვს“, – განაცხადა მდინარაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
ნიკა მელიასთან დაკავშირებულ სასამართლოს გადაწყვეტილებას „ტვიტერის“ გვერდზე საქართველოში აშშ-ის საელჩო გამოეხმაურა.
„მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირის გამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.