მამუკა მდინარაძე და თინა ბოკუჩავა ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ [ვიდეო]
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინა ბოკუჩავას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ბოკუჩავა მდინარაძეს მოუწოდებს, საშვი დაუშვას მალხაზ მაჩალიკაშვილზე, რათა ის საკანონმდებლო ორგანოში შევიდეს.
მას მდინარაძემ განუმარტა, რატომ არ გასცა პარლამენტის თავმჯდომარემ მალხაზ მაჩალიკაშვილის საკანონმდებლო ორგანოში შესვლის ნებართვა.
მდინარაძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც რაიმე პროვოკაციის საფრთხე არსებობს, პარლამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს, საშვის გამოყენების ნებართვა არ გასცეს.
თინა ბოკუჩავამ მამუკა მდინარაძეს უზრდელი და მარიონეტი უწოდა. საპასუხოდ, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ბოკუჩავა პარლამენტში პროვოკაციას აწყობს და პარტიული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.
„გარდაცვლილი ადამიანის საქმეს პროვოკაციებისთვის იყენებს, რაც სამარცხვინოა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის სამუშაო კაბინეტთან ინციდენტი ამ დროისთვის ამოწურულია.
შეგახსენებთ, მანამდე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად პარლამენტის შენობის შესასვლელთან იმყოფებოდა და მაჩალიკაშვილის საკანონმდებლო ორგანოში შეშვებას ითხოვდა.
თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში პრესკონფერენციის გამართვა სურდათ.
დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტის შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
მალხაზ მაჩალიკაშვილმა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიების შეწყვეტას სამარცხვინო ფაქტი უწოდა და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა კიდევ ერთხელ მოითხოვა.