მამუკა მდინარაძე - ჩვენ ვართ ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე, გულწრფელობაზე, მეორე მხარე დაბალი დონის მდარე პროვოკაციებით არის დაკავებული
ყველაფერი მიდის მშვიდად, კახი კალაძიდან დაწყებული, მერობის ყველა კანდიდატი მიდის მოსახლეობასთან და უხსნის, რას აკეთებდნენ დღეს და რას გააკეთებენ მომავალში, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომლის მიხედვითაც, „მიუხედავად საარჩევნო კამპანიის გარშემო მკაცრი რიტორიკისა, საერთო ატმოსფერო კვლავ მშვიდია“.
მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე, მეორე მხარე კი პროვოკაციებით არის დაკავებული.
„ჩვენი მერობის კანდიდატებს თავიანთი პროგრამები აქვთ და ზედმიწევნით გაწერილად, რეალისტურ ფარგლებში ყველაფერს უყვებიან ჩვენს ამომრჩეველს, მოსახლეობას. მეორე მხრიდან რას ვხედავთ – რეფერენდუმი თავისთავად ბუნტს რომ შეიცავს, მათ მიერ წარმოდგენილი მოცემულობა, პროვოკაციები. ნახეთ ხომ, თქვენს კოლეგასთან დაკავშირებით რა მოხდა? ერთ დღეს გაიღვიძა ქართულმა საზოგადოებამ და შეხედა, თურმე, რომ დაეჯერებინა ნიკა გვარამიასთვის, მეორე სართულიდან ყრიან ოპერატორებს. შემდეგ აღმოჩნდა სინამდვილე – რამდენიმე დღეში იმავეს ჩატარების პროვოკაციული მიზანი ჰქონდათ ხელვაჩაურში. საბედნიეროდ ვერ მოახერხეს. აი, ამ დაბალი დონის მდარე პროვოკაციებით არიან დაკავებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი შემდეგ ორი წლის ბავშვთან ერთად მივიდა „ქართული ოცნების“ 200-კაციან შეხვედრაზე. აქაც პროვოკაციის ძალიან დაბალი დონე იყო.
შესაბამისად, ჩვენ ვართ ორიენტირებული ქვეყნის განვითარებაზე, პროგრამაზე, გულწრფელობაზე, რეალობაზე. მეორე მხარე სამწუხაროდ, ორიენტირებულია არეულობაზე, რაც დარწმუნებული ვარ, არ გამოუვათ ერთადერთი მიზეზის გამო – მართლები ვართ ჩვენი პლუს-მინუსებით, შეცდომებით, თუ გაკეთებული საქმეებით. მეორე მხარე ცდილობს, ეს ქვეყანა არიოს. ჯერ ერთი, სიმართლეს ვერ მოერევიან და „ქართულ ოცნებას“, სახელმწიფოს ვერ მოერევიან“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.