ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი - ბევრმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ მიუხედავად საარჩევნო კამპანიის გარშემო მკაცრი რიტორიკისა, საერთო ატმოსფერო კვლავ მშვიდია
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი - ბევრმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ მიუხედავად საარჩევნო კამპანიის გარშემო მკაცრი რიტორიკისა, საერთო ატმოსფერო კვლავ მშვიდია

საქართველოში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ვიზიტის დროს, განხილვის მთავარი თემა შიდა საკითხები და რეგიონული გამოწვევები იყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ავრცელებს.

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი, კარი ჰენრიქსენი და გენერალური მდივანი, რობერტო მონტელა 18-19 სექტემბერს საქართველოს მთავრობის წევრებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

„მე გადავწყვიტე, ჩემი პირველი ვიზიტი ახალი შესაძლებლობებით განმეხორციელებინა საქართველოში, რადგან ქვეყანა იყო დემოკრატიული პრონციპებისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით პოლიტიკური რეფორმების აქტიური განხორციელების მაგალითი სამხრეთ კავკასიაში. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა უკვე 20 წელზე მეტია, თვალყურს ადევნებს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და აღიარებს მის მუდმივ ჩართულობას სტაბილური და მდგრადი დემოკრატიული სისტემის მშენებლობისკენ მიმართული ძალისხმევის განხორციელებაში“, – განაცხადა კარი ჰენრიქსენმა.

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა პოლიტიკური სტაბილურობის, დიალოგისა და კომპრომისის მნიშვნელობას, რაც ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კონფლიქტების მოგვარებისთვის.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან გამართულ რიგ შეხვედრებზე დაისვა ისეთი საკითხები, როგორიცაა წინასაარჩევნო გარემო, კამპანიის წარმართვა და საზოგადოებრივ სფეროში პოლარიზებული დიალოგი.

„რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, ბევრმა თანამოსაუბრემ აღნიშნა, რომ მიუხედავად კამპანიის გარშემო მკაცრი რიტორიკისა, საერთო ატმოსფერო კვლავ მშვიდია. მე გულწრფელად მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ კონსტრუქციულად ჩაერთონ არჩევნების შემდგომ პერიოდშიც, არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ ეროვნულ დონეზე. რაც მთავარია, ყველა დაინტერესებულმა პოლიტიკურმა მხარემ თავი უნდა შეიკავოს წაქეზებისა და რაიმე სახის პოლიტიკური ძალადობის განხორციელებისგან“, – განაცხადა ჰენრიკსენმა.

ეუთო-ს დელეგაციამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა „დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ეუთოს ოფისის“ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მუშაობას. ეუთო-ს ინფორმაციით, კარი ჰენრიკსენი სომხეთსა და აზერბაიჯანში ვიზიტსაც გეგმავს.