მამუკა მდინარაძე - ჩვენ უნდა გადავდგათ ნებისმიერი ნაბიჯი, რისი შედეგიც შეიძლება იყოს ეროვნული ინტერესი, ქვეყნის დეოკუპაცია
ჩვენ უნდა გადავდგათ ნებისმიერი ნაბიჯი, რისი შედეგიც შეიძლება იყოს ეროვნული ინტერესი, ქვეყნის დეოკუპაცია და უნდა ვილაპარაკოთ ყველა თემაზე, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრაზე კომენტარისას აღნიშნა.
„თუ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ჩაერევიან, რომ ვილაპარაკოთ ყველა ფორმატში ყველგან, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან და თუ ამის შედეგი შეიძლება იყოს დეოკუპაციის საკითხებში ნებისმიერი დეტალის გაუმჯობესება, ჩვენ ამაზე უკან არ უნდა დავიხიოთ. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც შემდეგ ფსევდოპატრიოტული გამოხტომებით შეეცდება, რომ თუ კი პროგრესი დეოკუპაციის საკითხებში იქნება, უკან გადმოგადგმევინოს ნაბიჯი, ჩვენ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. პოპულისტურ, ფსევდოპატრიოტულ გამოხტომებს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება, თან იმ ძალისგან წამოსულს, რომელიც პრაქტიკულად თანაავტორი იყო და მინიმუმ მისი, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, დანაშაულებრივი შეცდომების შედეგად მოხდა ის, რაც მოხდა თავის დროზე და დღეს ამ რიტორიკას ახორცილებენ, რადგან რამენაირად ჩვენ წარმატებას დეოკუპაციის გზაზე არ მივაღწიოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს დღეს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი.