მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე და ახლა რაღაც სანქციებით ემუქრებიან, ხომ უნდა მიხვდნენ, რომ ის შანტაჟს არ ექვემდებარება
ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს საკუთარი სიცოცხლე დადო სასწორზე, რისკის ქვეშ დააყენა თავისი ოჯახი და ახლა მას რაღაც სანქციებით ემუქრებიან. ხომ უნდა მიხვდნენ, რომ ეს ადამიანი შანტაჟს არ ექვემდებარება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, „ქართული ოცნება“ მიჰყვება ეროვნულ გზას, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო.
„გიორგი გახარიას პარტიას საკრებულოებში კოალიცია აქვს „ნაცმოძრაობასთან“. თქვენ რომ გქონდეთ ვიღაცასთან კოალიცია და ამას მე მაბრალებდეთ, ანუ გაღმა შედავების პრინციპი აყვანილია კუბში. ეს ადამიანები ერთ ქვაბში იხარშებიან, ერთ საქმეს აკეთებენ, ერთ დავალებას ასრულებენ და ერთი მესიჯბოქსი აქვთ. ვერ დარწმუნდნენ და გაითავისეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ფული კი არა, 2012 წელს საკუთარი თავი და ოჯახი გადადო, მაშინ სასწორზე საკუთარი სიცოცხლე დადო. რამეს ვაჭარბებ? რა რეჟიმი იყო და რა სისასტიკე „უპრავდებოდათ“, დაგავიწყდათ? ამ დროს ადამიანმა ყველაფერი გადადო და ზემოდან დაამატა თავისი სიცოცხლე. მაშინ რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და თავი, ახლა ამ ადამიანს ემუქრებიან რაღაც სანქციებით, ხან ორი მილიარდით, რისთვისაც მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული ბანკი ჩამოშალეს. არ შანტაჟდება, ხომ უნდა მიხვდნენ, რომ ეს ადამიანი შანტაჟს არ ექვემდებარება? არც მის მიერ დაფუძნებული პარტიის წევრები ექვემდებარიან შანტაჟს. ამ ადამიანმა ასე დაიწყო და მის გარეშეც ჩვენ ასე ვაგრძელებთ. ახლა პოლიტიკიდან წასულ ადამიანს ებრძვიან. იმ გზას მივყვებით, რაც ამ კაცმა დაიწყო, პირველ რიგში, ეროვნული. საქართველოა პირველი და ეს რამენაირად დაიჯერონ. ხომ უნდა მიხვდნენ, რომ საქართველოა პირველი და სხვა ყველა დანარჩენი შემდეგაა. ასევეა უდიდესი მიზანი – ევროპა და ევროპელობა. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეროვნული ინტერესებიდანაა დასალაგებელი, არა ისე, როგორც მეტყვით, ისე ვიზამ, ხალხს არაფერს ვკითხავო. ასე ალაგებდნენ, რაც აღარ მოხდება საქართველოში. საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში უნდა მიიღებოდეს და ევროპულობა ნიშნავს ღირსებას, ქრისტიანობას, ტრადიციებს, წარსულის, აწმყოს პატივისცემას და ამაზე დაფუძნებულ მომავალს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ლევან ხაბეიშვილთან ერთად შეხვედრები გამართა აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის აპარატის უფროსთან, კრის სოჩასთან, სადაც მისი თქმით, სანქციების საკითხიც იყო განხილული. ამასთან, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობდა გიორგი გახარიაც.