მამუკა მდინარაძე - ე.წ. კვლევებს საზოგადოებაში არანაირი ნდობის ხარისხი არ აქვთ, უკვე კომიკურიც გახდა რამდენიმე ათეული პროცენტით ცდომილებები
მოსახლეობის განწყობებისგან აცდენილი კვლევები საზოგადოებაში ნამდვილად იწვევს ნიჰილიზმსა და უარყოფით დამოკიდებულებას ჩვენი მთავარი მოკავშირე ქვეყნის კომპეტენტური ორგანიზაციების მიმართ, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევებს.
მისი თქმით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევის პოლიტიკური ნაწილი საველე სამუშაოების ჩამტარებელი ადგილობრივი ორგანიზაციების ტენდენციურ და სუბიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით ქვეყნდება და სწორედ ამის გამო ძალიან არის რეალობას აცდენილი.
„პირველ რიგში, პატივისცემა მინდა დავაფიქსირო IRI-ის მიმართ, რომელთანაც ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ, თუმცა ბოლო დროს, არ არის პირველი შემთხვევა, როცა საველე სამუშაოების ჩამტარებელი ადგილობრივი ორგანიზაციების ტენდენციურ და სუბიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით ქვეყნდება საკმაოდ ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევა და სწორედ ამის გამო კვლევის პოლიტიკური ნაწილი ძალიან არის აცდენილი რეალობას.
ეს კარგად გამოჩნდება ხოლმე საარჩევნო შედეგებში. რა თქმა უნდა, ასეთ ე.წ. კვლევებს საზოგადოებაში არანაირი ნდობის ხარისხი არ გააჩნიათ და უკვე კომიკურიც გახდა რამდენიმე ათეული პროცენტით ცდომილებები.
აქ უფრო პრობლემაა ის, რომ მოსახლეობის განწყობებისგან აცდენილი კვლევები ნამდვილად იწვევს ნიჰილიზმს და უარყოფით დამოკიდებულებას ჩვენი მთავარი მოკავშირე, მხარდამჭერი ქვეყნის კომპეტენტური ორგანიზაციების მიმართ ჩვენს მოქალაქეებში, რაც ნამდვილად შემაშფოთებელია და ეწინააღმდეგება ჩვენი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის საერთო ინტერესებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) კვლევები დღეს გამოქვეყნა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება ცენტრალური ინსტიტუტების მუშაობის, მათ შორის პოლიციის მიმართ იზრდება. თუმცა, ამასთანავე კვლევა წარმოაჩენს უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტების მუშაობის მიმართ.