მამუკა მდინარაძე - არ მგონია, თავად გია ვოლსკიმაც თქვას, რა კარგი რამ გავაკეთეო, მაგრამ ძნელი მოსათმენია, როცა მამისტოლა კაცს აგინებ და ეს პროტესტი „ეფესბეს“ აგენტურის დაგეგმილია
ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება, არ მგონია, თავად გია ვოლსკიმაც თქვას, რა კარგი რამ გავაკეთეო, მაგრამ ძნელი მოსათმენია, როცა მამისტოლა კაცს აგინებ და ეს პროტესტი „ეფესბეს“ აგენტურის დაგეგმილია, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისთან დღეს მომხდარი ფაქტის კომენტირებისას.
„ჩვენ, ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება, გიორგი ვოლსკისთანაც თქვენ გექნებათ ალბათ საშუალება, რომ კომენტარი ჩაწეროთ ამასთან დაკავშირებით. არ მგონია, რა კარგი რამ გავაკეთეო, თავად გიამ თქვას. თუმცა, მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს. მე ნამდვილად არ ვცდილობ რაღაცის გამართლებას ან გამტყუნებას, მაგრამ როდესაც მამისტოლა კაცს აგინებ და აღარ მინდა, დეტალებში ჩასვლა, მონას ეძახი, შენი პროტესტი დაგეგმილია და სათავეში უდგას „ეფესბეს“ აგენტურა ამ ყველაფერს, შეიძლება, შენ გულწრფელიც კი იყო ამ ყველაფერში, მაგრამ დაორგანიზებულია ეს ყველაფერი „ეფესბეს“ აგენტურის მიერ, რუსული საქმის მკეთებელი ხალხის მიერ, მართლა ძნელი მოსათმენია, თუმცა ამართლებს თუ არა ამას, ეს მეორე საკითხია“, – აღნიშნა მდინარაძემ.
ამასთან, კონკრეტულად, ვის გულისხმობს „ეფესბეს“ აგენტურაში, მდინარაძემ აღნიშნა: „ვის გულისხმობთო, რადგან მეკითხებით, მე გპასუხობთ, რუსული საქმის მკეთებლებში მაგალითად ვგულისხმობ იმ ადამიანებს, ვინც ომიდან ორ თვეში ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ეწერა, თითქოს საქართველომ და ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს ომი; გიორგი კანდელაკი იყო ოპოზიციის მთავარი სპიკერი გუშინ და ეს ადამიანი არის იმ ექვსს შორის, რომელმაც ხელი მოაწერა ასეთ რეზოლუციას. ასეთი ადამიანები მე ჩამოვთვალე გუშინდელ ბრიფინგზე, როდესაც მათი ორგანიზებით რაღაც აქტივობები იგეგმება, ამ აქტივობაში შეიძლება, იყოს ჩართული თქვენ, მე, ნებისმიერი მოქალაქე ამ ქვეყნისა და ჩვენ ვიყოთ გულწრფელი აბსოლუტურად, მაგრამ ასევე უნდა ვიფიქროთ, ვისი დაორგანიზებულია ეს ყველაფერი“, – განაცხადა მდინარაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან, აქციაზე დღეს რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მონაწილეები პარტიის ოფისში შემსვლელებს შეძახილებით აცილებდნენ. ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატს, გია ვოლსკის აქციის მონაწილეებმა „მონა“ უწოდეს, მან კი აქციაზე მყოფებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა.