მამუკა მდინარაძე - ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, როდესაც ფეიკებით ცდილობენ რაღაცაში ხალხის დარწმუნებას, ამისთვის სააკაშვილს თავისი ამომრჩეველიც დასჯის
მამუკა მდინარაძე - ამომრჩევლის შეურაცხყოფაა, როდესაც ფეიკებით ცდილობენ რაღაცაში ხალხის დარწმუნებას, ამისთვის სააკაშვილს თავისი ამომრჩეველიც დასჯის

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არის უკრაინაში, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ვიდეო არის ფეიკი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კერძოდ მონტაჟის როგორი საშუალებით არის შექმნილი სააკაშვილის ვიდეო, ამას ექსპერტები სწავლობენ.

„არის დიფ ფეიკი თუ მონტაჟის სხვა საშუალებით შექმნილი, ეს მეორე საკითხია და ესეც დადასტურდება, მაგრამ მაღალი ალბათობით არის დიფ ფეიკი, მაგრამ შეიძლება იყოს ფეიკის სხვა სახეობა. ამას ტექნიკოსები, ექსპერტები სწავლობენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინაარძემ ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა მიხეილ სააკაშვილის სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელებული კიდევ ერთი განცხადება, სადაც ამბობს, რომ 3 ოქტომბერს, დილიდან, მთელი საქართველოდან უნდა დაიძრან თბილისისკენ, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი, რათა ვერ შეძლონ მისი შეჩერება.

როგორც მდინარაძე ამბობს, სააკაშვილს თაღლითური გზით სურს ქვეყანაში „სიტუაციის ადუღება“.

„ეს ნიშნავს, რომ ამ თაღლითური გზით მას და მის ტელევიზიებს უნდათ სიტუაციის ადუღება, მოტივაცია თავისი ამომრჩევლის. თან თვითონ დაუმტკიცოს ნიკა მელიას და მის ფლანგს, რომ მისი დამსახურებაა დაახლოებით ის 25 პროცენტი, რაც მას აქვს რეიტინგი და რაღაცა შიდა ბრძოლების მსხვერპლი უნდა გახდეს მიშა. პირველ რიგში, უმძიმესი შეურაცხყოფაა მისი ამომრჩევლის, როდესაც ასეთი თაღლითური ფეიკებით ცდილობენ რაღაცაში ხალხის დარწმუნებას. უმძიმესი შეურაცხყოფაა და დარწმუნებული ვარ ამისთვის თავისი ამომრჩეველიც დასჯის. სამართალდამცავების ქმედება იქნება – როგორც კი ფეხს ჩამოადგამს, იმ წუთას მოხვდება იქ, სადაც უნდა იყოს. მისი ადგილი არის იმ დაწესებულებაში, სადაც მას არც წამება, არც გაუპატიურება და არც მსგავსი რაღაცები, რაც მის დროს იყო, არ დაემუქრება“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.