მამუკა მდინარაძე - ამბობდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და აღმოჩნდა, რომ PVT გაყალბდა, ამბობდნენ, რომ თამარ ჟვანია უნდა გადამდგარიყო და ელენე ნიჟარაძე გადადგა
ხელისუფლებასა და ცესკო-ს არჩევნების გაყალბებას აბრალებდნენ და აღმოჩნდა, რომ გაყალბებული პარალელური დათვლის მონაცემები ყოფილა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობიდან ელენე ნიჟარაძის გადადგომის საკითხზე განუცხადა.
„შეიძლება, ნახევრად ხუმრობით ვთქვა. შეიძლება, სახუმაროც არ იყოს, მაგრამ ამბობდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და აღმოჩნდა, რომ „პივიტი“ გაყალბდა. ამბობდნენ, რომ თამარ ჟვანია უნდა გადამდგარიყო და ელენე ნიჟარაძე გადადგა. ესეც ნახევრად ხუმრობაში ჩაჯდებოდა, თუმცა მართლაც საოცრება მოხდა – ეს არის ჩვეულებრივი სკანდალი, რომელსაც წლების შემდეგ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, რომ ხელისუფლებასა და ცესკო-ს არჩევნების გაყალბებას აბრალებდნენ და აღმოჩნდა, რომ გაყალბებული პარალელური დათვლის მონაცემები ყოფილა. ამ ქვეყანაში არავის გაუფიქრია, არათუ არავის გაუბედავს. დაფიქრება გვმართებს, რეალურად რა ხდება და სად არის სიმართლე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ელენე ნიჟარაძემ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.
როგორც ცნობილია, „სამართლიანმა არჩევნებმა “ 11 დეკემბერს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის შედეგების შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ „შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა მეთოდოლოგიის სიზუსტე, თუმცა საარჩევნო სუბიექტების ხმების გამოსათვლელ ფორმულაში ხარვეზი გამოვლინდა“. კერძოდ, როგორც „სამართლიან არჩევნებში“ განაცხადეს, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დათვლილ იქნა ბათილი ბიულეტენებიც.
ამ ხარვეზის აღმოფხვრის შემდეგ, ორგანიზაციის პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს დაემთხვა.