მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან კონსულტაციებს გამართავს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებთან კონსულტაციების გამართვა გასაკვირი არ უნდა იყოს.
მდინარაძის თქმით, ამ მიმართულებით განსაკუთრებული არაფერი ხდება, თუმცა პარადოქსულია ის, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდებენ.
„კონსულტაციები ამ სიტუაცუაში გასაკვირი არ უნდა იყოს, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. ყველაზე განსაკუთრებული და პარადოქსული იცით რა არის? ყველაზე ძალიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რომ წუხანან და ადამიანებს მოუწოდებენ ქუჩაში გამოდითო. უფრო ობიექტურია, თამარ ჩუგოშვილს, მე და სხვებს რომ რაღაც არ მოგვეწონოს ამ ამბავში, ვიდრე – „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს, რომელთა დროსაც შერეული სისტემით ტარდებოდა არჩევნები. რაც თვითონ არ შეუცვლიათ, ახლა აპოკალიფს და კატასტროფას ამაში ხედავენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის აზრით, დეპუტატებმა, რომლებმაც უმრავლესობის რიგები დატოვეს, ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს.
„სამწუხარო არის ის, რა განცხადებაც გააკეთეს ჩვენმა მეგობრებმა და „ქართული ოცნების“ გუნდის ძალიან ღირსეულმა წევრებმა. ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება იმწუთიერი, ძალიან ნაჩქარევი, ცხელ გულზე და ემოციებით მიღებული იყო. მე პირადად დაველაპარაკები მათ, რადგან ისინი ჩვენი გუნდის ძალიან ფასეული და ღირსეული წევრები არიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძემ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„სახელმწიფო თავის ადგილზე დგას. პარლამენტი დგას თავის ადგილზე. ყველა გამართულად მუშაობს. შიდა დემოკრატიაც არ მოსწონთ, ესეც გასაგებია. არანაირი კატასტროფა არ მომხდარა. ძალიან ვთხოვ ყველას, ნუ ხატავენ ამ კატასტროფებს, პასუხისმგებლიბით მოეკიდონ. გეგმა მხოლოდ და მხოლოდ ერთია – სიმშვიდე, სტაბილურობა და მართვა პროცესების, ეს ასეც იქნება. ადამიანებს პროტესტის გამოხატვის უფლება აქვთ. პოლიცია და სახელმწიფო თავის საქმეს გააკეთებს“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რაც შეეხება საერთაშორისო საზოგადოებას, მდინარაძე მიიჩნევს, რომ ისინი ვითარებას ადეკვატურად შეაფასებენ.
„ჩვენ ვიცით ზუსტად, რომ ისინი ზუსტად ისე გაიგებენ, როგორც არის სინამდვილეში. ისინიც ადეკვატურები იქნებიან. შეიძლება გარკვეულ შემთხვევებში იყოს მკაცრი შეფასებები კონკრეტული თემების მიმართ, მაგრამ ყველა ადეკვატური იქნება გარდა იმისა, ვისაც სუბიექტური დამოკიდებულება აქვს“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ასევე უმრავლესობის დეპუტატები – თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი და ზაზა ხუციშვილი უმრავლესობის რიგებს და საპარლამენტო თანამდებობებს ტოვებენ.
ოპოზიციურმა პარტიებმა კი საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.