მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სააკაშვილ-ადეიშვილის სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობის დადასტურებამდე ამ ჩანაწერზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სანამ სააკაშვილ-ადეიშვილის ფარული ჩანაწერებით გამოძიება არ დაინტერესდება და სატელეფონო ჩანაწერის ავთენტურობა არ დადასტურდება, ამ ჩანაწერზე სერიოზული საუბარი არ შეიძლება.
როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, იმ შემთხვევაში, თუ ჩანაწერების ავთენტურობა დადასტურდება გარკვეული დროის შემდეგ, კიდევ უფრო დეტალური ანალიზი იქნება საჭირო საგამოძიებო ორგანოების მხრიდან.
„როგორც ჩანს, გაჩნდა ეჭვი იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ ერთი ადამიანის გარდა, შეიძლება სცოდნოდათ სხვებსაც, თუმცა ამას კატეგორიულად ჯერ ვერავინ იტყვის. ჩვენ ვნახეთ გვარამიას გამოსვლა, რომელმაც დაადასტურა, რომ წინასწარ იცოდა ამ დანაშაულის მომზადების შესახებ. რაც შეეხება ჩანაწერს, ვიდრე საგამოძიებო ორგანოები, მათ შორის ჩვენი მეგობარი ქვეყნის, უკრაინის სამართალდამცველებთან ერთად დეტალურად არ შეისწავლიან ამ თემას, არ შეიძლება, სერიოზული კომენტარები გაკეთდეს. ნებისმიერ შემთხვევაში დასადგენია, ვინ იცოდა ამ დანაშაულის მომზადების შესახებ, რამდენად იყვნენ ისინი ჩართული, რისი ეჭვიც დამატებით გააჩინა ამ ჩანაწერმა“, – განაცხადა მდინარაძემ.
უკრაინულმა ვებგვერდმა obozrevatel.com უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ზურაბ ადეიშვილის სატელეფონი საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა. ვებგვერდის ინფორმაციით, ჩანაწერში მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორ ნიკა გვარამიასა და ტელეწამყვან გიორგი გაბუნიაზე საუბრობენ.