მამუკა მდინარაძე - 2012 წლამდე უმაღლესი თანამდებობები განსაკუთრებული პრივილეგია, კომფორტი, თავგასულობაც კი იყო, დღეს ეს არის მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2012 წლამდე არსებული პერიოდისგან განსხვავებით, დღეს უმაღლესი თანამდებობები მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობაა.
„ჩვენ მართლა გვქონდა ქვეყანაში პერიოდი, როდესაც განსაკუთრებული პრივილეგია, კომფორტი, თავგასულობაც კი იყო ქვეყნის პირველი პირობა, მათ შორის უმაღლესი თანამდებობები. ეს ხდებოდა 2012 წლამდე. დღეს ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობა. გასაგებია, ერთგვარი პატივიც, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობა. მარტივი არ არის, ზიდო უმაღლესი თანამდებობის შესაბამისი ტვირთი. მარტივი არ არის, ამ პასუხისმგებლობის აღება, მათ შორის, დაუმსახურებელი ბევრი ტალახის სროლა მოდის ასეთი თანამდებობის პირების მიმართ, თითოეული ჩვენგანის მიმართ, ეს არ არის მარტივი. ხშირად ისე წარმოაჩენთ ხოლმე ჟურნალისტები თუ ნაწილი, რომ ეს არის რაღაც კომფორტი და რატომ უნდა თქვა უარი ამ კომფორტზე? ეს არ არის სწორი მიდგომა. სამი წლის განმავლობაში, როცა ქვეყანა შენი პრემიერმინისტრობის დროს აღწევს უდიდეს წარმატებას, ამ პასუხისმგებლობას ასე წარმატებულად უძღვები, შემდეგ არარელევანტურია კითხვა, ამ კომფორტიდან რატომ გამოვიდა. აბსოლუტურად არ არის სწორი. ამას ახლავს უძილო ღამეები, პასუხისმგებლობა, რაღაცების გაძლება გვიწევს ხოლმე, განსაკუთრებით ქვეყნის პირველ პირზე როდესაც არის საუბარი. გთხოვთ, ამ ფაქტორს ყურადღება მიაქციეთ ხოლმე“, – განუცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას – „ირაკლი ღარიბაშვილისთვის რომ არ შეგეთავაზებინათ პარტიის თავმჯდომარეობა, პოლიტიკიდან საერთოდ მიდიოდა?“ – მამუკა მდინარაძემ აღნიშნა: „მსჯელობა განვითარდა ისე, რომ ეს იდეა თავისთავად გაჩნდა. პოლიტიკიდან საერთოდ გასვლა თუ წასვლა მინდაო, ამაზე არ ულაპარაკია. პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც 24 იანვარს გაიმართა, ამასთან დაკავშირებით იყო მსჯელობა. მაშინ მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა თავისი აზრი დააფიქსირა. მსჯელობის დროს მის მიმართ იყო პოლიტსაბჭოს მხრიდან შეთავაზება, დაეკავებინა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა“.
პარტია „ქართულმა ოცნებამ“ დღეს რიგით მერვე ყრილობა გამართა. ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს. ასევე, მმართველმა პარტიამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე ოფიციალურად წარადგინა.