მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის განხილვა სასამართლოში მოწმეების დაკითხვით გრძელდება
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმის განხილვა სასამართლოში მოწმეების დაკითხვით გრძელდება.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე იკითხებიან ეროვნული ბანკის თანამშრომლები, რომლებმაც ბრალდების მხარის ინფორმაციით, შეამოწმეს „თიბისი ბანკი“, მათ შორის, აქტივების დარეზერვების მიმართულებით.
„ეს არის ბრალდების მხარის მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ 2008 წელს რეალურად იყო ჩატარებული „თიბისი ბანკში“ შემოწმება. თუმცა ნამდვილად არ შეუმოწმებიათ კონკრეტულად „სამგორი ემზე“ და „სამგორი თრეიდზე“ გაცემული სესხები. შემოწმების საფუძველი არა კონკრეტულად ეს სესხები, არამედ ზოგადად საფუძველი იყო ომის შემდგომ პერიოდში რეზერვების შემოწმება. რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, როცა გამოძიებამ ინფორმაცია მიიღო, სწორედ იმ პერიოდში დაიწყო გამოძიება და მოახდინა სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა პროკურორმა სალომე ჩიქობავამ.
ბრალდებულები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ წინააღმდეგ წარმოებულ სამართალწარმოებას პოლიტიკურს უწოდებენ. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ვერცერთი მოწმე ვერ დაადასტურებს რაიმე ტიპის საეჭვო ტრანზაქციას, რადგან მსგავსს 2007-2008 წლებში, რასაც ედავებიან, ადგილი არ ჰქონია.
მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.
საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა.