მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა

საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, დღევანდელი სხდომაც ისევე როგორც ყველა წინა სხდომა, იყო და არის პოლიტიკური ფარსი.

„შთაბეჭდილება გვრჩება, რომ პროკურატურის მოწმეები უფრო ჩვენი მოწმეები არიან. შესაბამისად, მეტ კომენტარს ამაზე არ გავაკეთებ, რადგან ეს არის დადგმული, პოლიტიკურად მოტივირებული პროცესი.” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, დღევანდელი მოწმეები ისევე როგორც ყველა სხვა მოწმე ადასტურებენ ერთი და იმავეს, რომ არანაირი დანაშაულის ნიშნები 2008 წელს არ აღმოუჩენიათ. „მოწმეები ადასტურებენ, რომ 2008 წელს რუსეთის შემოჭრამ შექმნა ძალიან ღრმა ეკონომიკური კრიზისი და ბანკები აღმოჩნდნენ მძიმე მდგომარეობაში. შემოწმების დროს მათ რაიმე დანაშაულის ნიშნები არ აღმოუჩენიათ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ

ამასთან, ადვოკატი ზვიად კორძაძე განმარტავს, რომ ბანკის შემოწმება მოხდა, რადგან იყო ფინანსური კრიზისი, ომი და გაუარესდა პორტფელების მდგომარეობა, არა მარტო „თიბისი ბანკში“.

„მოწმეებმა თქვეს, რომ პორტფელები და არაპროფილური სიტუაციები იყო არამარტო „სამგორთან“ მიმართებაში. დააფიქსირეს, რომ „თიბისი ბანკს“ მისცეს რეკომენდაცია, რომ გაეზარდათ რეზერვები, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, დააფიქსირეს, რომ არავითარი ფულის გათეთრება მათ არ უნახავთ. მოწმეებმა თქვეს, იმ ნაწილში, რასაც ამოწმებდნენ, რომ ენახათ რაიმე დანაშაულის ნიშნები, ისინი ვალდებულნი იყვნენ დაეფიქსირებინათ აქტში და გადაეცათ შესაბამისი ორგანოებისთვის. ოთხივე მოწმემ თქვა, რომ ასეთს ადგილი არ ქონია“, – განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, როგორც საქმის პროკურორი სალომე ჩიქობავა აცხადებს, დაკითხულმა მოწმეებმა სრულად გააბათილეს დაცვის მხარის მიერ აქამდე გაკეთებული განცხადებები, თითქოს 2008 წელს ეროვნული ბანკმა შეამოწმა „თიბისი ბანკი“ სესხების გაცემის მიმართულებით, მათ შორის შეისწავლა „სამგორი ემზე“ და „სამგორი თრეიდზე“ გაცემული სესხები და ვერ დაადგინა ინტერესთა კონფლიქტი.

„მოწმეებმა განაცხადეს, რომ 2008 წელს მართალია, ჩატარდა შემოწმება, მაგრამ შემოწმების მიზანი იყო არა „სამგორი ემისა“ და „სამგორი თრეიდზე“ გაცემული სესხების შემოწმება, არამედ რეზერვების ადეკვატურობის შესწავლა. რაც შეეხება „სამგორი ემსა“ და „სამგორი თრეიდს“, მათ განაცხადეს, რომ ბანკის თანამშრომლებმა დაუმალეს რეალური დოკუმენტაცია, მათ არ ჰქონდათ სრული სურათი ამ სესხებთან დაკავშირებით, თუ ვისზე გაიცემოდა შემდგომ ეს თანხები ხელმეორედ სესხის სახით, სწორედ ამიტომ მათ ვერ დაადგინეს ინტერესთა კონფლიქტი. იმ შემთხვევაში, თუ მათ ექნებოდათ სრული დოკუმენტაცია, ისინი აუცილებლად დაადგენდნენ ამას. რაც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს, ეს არ გამორიცხავს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას როგორც დანაშაულს. ინტერესთა კონფლიქტი არის ერთ-ერთი მტკიცებულება, რომ რეალურად ეს სესხი გაცემული იყო ადმინისტრაციულ პირებზე, მამუკა ხაზარაძესა და ბადი ჯაფარიძეზე. რეალურად სესხი არ იყო გაცემული „სამგორი თრეიდზე“ და „სამგორი ემზე“, როგორც ეს დოკუმენტურად არის ასახული“, – განაცხადა პროკურორმა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით). თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა.