მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ მედიას ე.წ. მუქარის წერილის დედანი და მასზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი წარუდგინა
მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, ე.წ. მუქარის წერილზე ექსპერტიზამ 17 თითის ანაბეჭდი აღმოაჩინა. ამის შესახებ კორძაძემ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა, სადაც წერილის დედანი და ექსპერტიზის პასუხი წარმოადგინა.
კორძაძის განმარტებით, ექსპერტებმა მოახდინეს ანაბეჭდების დაფიქსირება, ხოლო იმის დადგენა, ვის ეკუთვნის ანაბეჭდი, გამოძიების საქმეა.
„როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი შეკრების მიზანი არის ექსპერტიზასთან დაკავშირებული საკითხები. წერილი, რომელთან დაკავშირებითაც მამუკა ხაზარაძეს საუბარი ჰქონდა საკომიტეტო მოსმენისას, რომელთან დაკავშირებითაც ის გამოიკითხა პროკურატურის მიერ, გაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე და ამდენი ხნის განმავლობაში ველოდით ექსპერტიზის პასუხს. ექსპერტიზის პასუხები მოვიდა. წერილზე არის 17 ანაბეჭდი, რომელიც შეიძლება, გამოძიებისთვის იყოს საინტერესო. წერილის წინა და უკანა გვერდებზე მითითებულია ადგილები, სად არის ანაბეჭდები. შესაბამისად, ძალიან მარტივ პროცედურასთან უნდა გვქონდეს საქმე, რომ პროკურატურამ შეადაროს აღნიშნული ანაბეჭდები ბაზას და შემდეგ ის ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდებიან ამ ანაბეჭდებზე, გამოკითხოს, საიდან მოხვდა ანაბეჭდები ამ წერილზე. ძალიან მარტივად რომ აგიხსნათ,რა ექსპერტიზა ჩატარდა. ექსპერტიზა, რომელიც ჩატარდა, იყო ანაბეჭდების დაფიქსირება. სხვა ექსპერტიზა ვერ ჩატარდებოდა, რამდენის ან ვისი, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ ბაზა. აქედან გამომდინარე, მათ ხელთ არსებული საშუალებებით მოახდინეს ანაბეჭდების იდენტიფიცირება, მათი გადმოტანა და არსებობს ამის უკვე ვიზუალური ვერსია და დაფიქსირებულია, რა ადგილებზეა. დანარჩენს ის ექსპერტიზა ვერ გააკეთებდა. დანარჩენი ახლა უკვე გამოძიების საგანია“, – აღნიშნა ზვიად კორძაძემ.
ადვოკატის თქმით, მათთვის უცნობია, ვის ეკუთვნის წერილზე აღმოჩენილი ანაბეჭდები.
„აქ იქნება ალბათ მამუკას ანაბეჭდიც, რადგან მან ნახა ეს წერილი. კიდევ ერთხელ ვამბობ, პროკურატურამ უნდა მოახდინოს იდენტიფიცირება, ბაზაში უნდა გაატაროს ეს ანაბეჭდები და რომ დაემთხვევა აღნიშნული ანაბეჭდები, თქვას ან არც თქვას, დაიბაროს და გამოკითხოს. ჩვენ ამ დედნის წარდგენით, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, რომელიც ჩამოვიდა, ვამთავრებთ იმ შესაძლო იურიდიულ მოქმედებებს, რომელიც ჩვენ შეგვეძლო ამ საქმეზე გაგვეკეთებინა. სხვას ვერაფერს გავაკეთებთ. ესტაფეტა მთლიანად გადადის პროკურატურაზე. თქვენ შემთხვევით არ ხართ აქ და შემთხვევით არ უნდა გადმოგცეთ ფლეშკებით მასალები. ამ ფლეშკებზე არის ექსპერტიზის ის დასკვნა, წერილის ვიზუალი, სადაც ნომრებით არის დაფიქსირებული ანაბეჭდები და ანაბეჭდების ვიზუალი. სხვა დაზღვევის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. მართლა ვბჭობდით ამაზე და მამუკასაც ჰქონდა ეს განცდა, წარვადგინოთ თუ არა დედანი პროკურატურაში, მაგრამ რადგან მათი არგუმენტი, რომ გამოძიებას არ აგრძელებს, არის დედნის წარუდგენლობა, შესაბამისად, მარტო ექსპერტიზის წარდგენაც კი საკმარისი იყო, რადგან ყველაფერი ჩანს იქ, მაგრამ კიდევ რომ არ ითქვას, რომ დედანი არ არის, ამიტომ წარვადგენთ დედანსაც. ანაბეჭდი არის ინდივიდუალური, ანაბეჭდი არ მეორდება და თუ აქვთ შესაბამისი პროგრამა, ამის დადგენას სჭირდება რამდენიმე საათი. თუ არ აქვთ შესაბამისი პროგრამა და ბაზა აქვთ, უფრო მეტი დრო, მაგრამ ეს არ არის რთული. ამის შემდეგ არის უკვე საგამოძიებო მოქმედებები“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.
ამასთან, კორძაძის განმარტებით, ათეულობით სხვა ანაბეჭდს, რომლებიც ექსპერტიზაზე გაგზავნისას წერილზე თანდართულ დოკუმენტებზე იყო, საქმესთან შემხებლობა არ აქვს.
„ექსპერტიზაზე წერილი გაიგზავნა ფოლდერში ჩადებული, ფოლდერი კონვერტში ჩადებული იყო, იყო ფურცლები და ის ათეულობით ანაბეჭდი, რომელზეც მედია საუბრობდა ამ დღეებში, არ არის მნიშვნელოვანი, რადგან საქმესთან შემხებლობა არ აქვს“, – დასძინა ზვიად კორძაძემ.
მისივე თქმით, წერილის ასლი, ყველა საბუთთან ერთად, ასევე ბარდება სახალხო დამცველსაც.