მამუკა ხაზარაძე ხელისუფლებას მიმართავს - უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას, მინდა შეგაშინოთ, ახალგაზრდების უზარმაზარი არმიაა
უახლოეს ხანში დავაფუძნებთ მოძრაობას, მინდა შეგაშინოთ უზარმაზარი არმიაა ახალგაზრდების,- ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება მოძრაობას, მინდა გითხარით, რომ ამას უახლოეს ხანში დავაფუძნებთ. მინდა შეგაშინოთ, ძალიან დიდი ინტერესია, უზარმაზარი, ძალიან დიდი არმიაა ახალგაზრდების, პროფესიონალების, რომლებიც გვიერთდებიან, რომლებსაც არ უნდა ისეთ უიმედო ქვეყანაში ცხოვრება, რომელიც თქვენ შექმენით. ხალხი, რომელსაც უნდა აქ სილაღე დაბრუნდეს, ქართველი კაცის ყველაზე მთავარი რამ, სილაღე და საფუძველი იმისა, რომ ადამიანმა აქ ნახოს თავისი პერსპექტივა. ადამიანებმა, იმ ახალგაზრდებმა, რომელთა მშობლებმა უკანასკნელი კაპიკები გადაიხადეს, წავიდნენ უცხოეთში, ისწავლეს, დაბრუნდნენ და ისეთი სპეციალობებით არიან, სახელმწიფო არათუ ყურადღებას აქცევს, საერთოდ არ სჭირდება, ზოგი კაფეს ხსნის და ზოგი – ბარს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ხელისუფლების მისამართით.
კითხვაზე, ვის განიხილავს მის პარტიაში, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ მის მოძრაობაში არ იქნებიან ცნობილი პოლიტიკური სახეები.
„ჩვენ ვართ ადამიანები, ვისაც დიალოგი მიგვაჩნია ნორმალურ და კორექტულ გზად, მით უმეტეს პოლიტიკაში. ვაკეთებთ ჩვენს გუნდს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, გუნდში ცნობილი პოლიტიკოსები, ცნობილი სახეები პოლიტიკის ვერ მოიაზრებიან, ვერც მარჯვნიდან, ვერც მარცხნიდან და ვერც წინიდან. რაც შეეხება იმ სახეებს, ვინც ქვეყნის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა, ვინც არის პროფესიონალი, ყველას ველოდებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.