მამუკა ხაზარაძე - თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის პროექტი მამუკა ხაზარაძის არის, ძალიან ცდება, ეს არის ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების პროექტი
მოვალ იმდენჯერ, რამდენჯერაც დამიბარებენ, მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც უწყებაში 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე დაიბარეს.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, პროკურატურის დღევანდელი განცხადებით ზიანი ადგება არა მას, არამედ საქართველოს ფინანსურ ინტერესებს, აქციონერებსა და ანაკლიის პროექტს.
„მოვედი და მოვალ იმდენჯერ, რამდენჯერაც დამიბარებენ, მე ვარ კანონმორჩილი ადამიანი. არავის ეგონოს, რომ რამე გამაჩერებს, რადგან ვართ მართალი როგორც 12 წლის წინანდელ საქმეში, ისე გუშინწინდელ საქმეში. ყველას მინდა ვუთხრა, დაწყნარდნენ, ნუ ნერვიულობთ, ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას, რადგან ეს საქართველო არის ჩვენი და ქვეყანა უნდა გახდეს ძლიერი, თავისუფალი, ევროპული ორიენტაციის.
ექვსი თვეა, ამ შემოტევამ მოგვაყენა საკმაოდ სერიოზული ზიანი, როგორც ბანკის საერთაშორისო აქციონერებს, ასევე ანაკლიის პროექტის მოლაპარაკებას. ექვსი თვე დასჭირდა ამ პროცესის დასტაბილურებას, ინვესტორების უკან შემოტრიალებას. ასევე ჩვენ ხელახლა არჩევას ლონდონში, აქციონერთა კრებაზე. იცით, რომ გუშინ ავირჩიეთ სამშენებლო კომპანია, საეჭვოდ დაემთხვა ერთ-ერთი მინისტრის განცხადება, რომ პროგრესი არ არის, დღეს ვიღებთ პროკურატურის განცხადებას ტელევიზიით, ისევ მსოფლიოს გასაგონებლად, იმისთვის, რომ ზიანი მიაყენონ მამუკა ხაზარაძეს კი არა, საქართველოს ფინანსურ ინტერესებს, აქციონერებს და ანაკლიის პროექტს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ანაკლიის პროექტი მამუკა ხაზარაძის პროექტია, ძალიან ცდება. ეს არის ჩვენი შვილების, შვილიშვილების პროექტი, ეს არის საქართველოს აბსოლუტურად ახალი გზა, გარღვევა, როგორც ეკონომიურად, ისე ორიენტაციის თვალსაზრისით, ეს არის ევროპისკენ გადადგმული საკმაოდ სერიოზული და მძლავრი ნაბიჯი. ამის წინააღმდეგ მიდის ეს ყველაფერი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენს და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს.