მამუკა ხაზარაძე - თუ კომპანიას ხსნით, გაქვთ ფული და თუნდაც ოცი წუთით ადრე დირექტორი აკეთებს მოთხოვნას, ბანკი ვალდებულია, თანხა გაატანოს
მოვუწოდებ ყველას, იყვნენ გულწრფელები და თავისი პრობლემები არ გადაიტანონ სხვაზე,- ასეთი კომენტარი გააკეთა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ „ომეგა ჯგუფის“ ბრალდებებთან დაკავშირებით.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, ზოგადად, საზოგადოების პრობლემა ტყუილის ტირაჟირებაა.
„ჩვენი ბანკი 10 წელია, მუშაობს 20:00 საათამდე. შეგიძლიათ, დეტალურად ნახოთ ყველა პროცედურა და სისულელეებზე არ მინდა რაღაც კომენტარების გაკეთება. ბანკი არის სერვისის კომპანია. თუ თქვენ კომპანიას ხსნით, თუნდაც 20 წუთით ადრე, გაქვთ ფული და თქვენი დირექტორი აკეთებს მოთხოვნას, ბანკი ვალდებულია, თანხა გაატანოს. რა შუაშია, რამდენი დღის დაფუძნებულია კომპანია, თუ რეგისტრირებულია და ყველაფერი ბანკში წარმოდგენილი. ეს არის მთელი ამბავი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცილისწამებას უნდა შევეშვათ ყველა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელმა ზაზა ოქუაშვილმა განაცხადა, რომ „თიბისი ბანკმა“ ფირმაზე, რომელიც 24 საათის გახსნილი იყო, ერთბაშად ოთხი მილიონი გასცა, რაც პროცედურის დარღვევა იყო და ბანკს ეს თანხა უნდა დაებლოკა.
„თიბისი ბანკმა“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებას ოფიციალური განცხადებით უპასუხა. „თიბისი ჯგუფი“ დღეს კიდევ ერთ განცხადებას გააკეთებს.