„თიბისი ბანკი“ - მივმართავთ ყველა სამართლებრივ ზომას ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საპასუხოდ
„თიბისი ბანკი“ - მივმართავთ ყველა სამართლებრივ ზომას ზაზა ოქუაშვილის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საპასუხოდ

„თიბისი ბანკი“ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის გუშინდელ პირდაპირ ეთერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ ზაზა ოქუაშვილის გუშინდელი განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს და წარმოადგენს მცდარი ინფორმაციის გავრცელების მცდელობას.

„თიბისი ბანკისთვის“ უმთავრესი მნიშვნელობის არის კლიენტების ნდობა და ყველა აუცილებელი წესისა და პროცედურის დაცვა, რომელიც კლიენტის ფულის უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. ბანკი უმაღლესი სიმკაცრით იცავს კომერციული ბანკებისთვის დადგენილ ყველა მოთხოვნას.

ბატონი ოქუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკი“ განმარტავს, რომ ბანკში ყველა ტრანზაქცია სრულდება სამუშაო საათებში, კლიენტის ანგარიშების გახსნისა და წარმოების ყველა წესის დაცვით. „თიბისი ბანკს“ გააჩნია კანონიერი ვალდებულება დაიცვას კლიენტის პერსონალური მონაცემები და საბანკო საიდუმლოება, ამიტომ ბანკის მხრიდან დაუშვებელია კონკრეტული ტრანზაქციისა და კლიენტის შესახებ დეტალების გასაჯაროვება.

„თიბისი ბანკი“ მიმართავს ყველა სამართლებრივ ზომას აღნიშნული ცრუ ინფორმაციის მასშტაბირების საპასუხოდ“, – აღნიშნულია განცხადებაში.