მამუკა ხაზარაძე სესხების განულებას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს და ამბობს, რომ „თიბისის“ 120 მილიონი სამ მილიონად ჩამოიწერა
მამუკა ხაზარაძე სესხების განულებას არასწორ ნაბიჯად მიიჩნევს და ამბობს, რომ „თიბისის“ 120 მილიონი სამ მილიონად ჩამოიწერა

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძე საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ჭარბვალიანობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბანკები რომ არ ჩართულიყვნენ, ჭარბვალიანობა 2 მილიარდ-ნახევრამდე გაიზრდებოდა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, დეკემბერში მოხდა მლრდ 500 მლნ ლარის ჩამოწერა, ამ თანხიდან საბანკო სექტორის წილი იყო 20 პროცენტი, „თიბისის“ კი – 6 პროცენტი.

„ვინ არიან დანარჩენები, ესენი არიან ის დაურეგულირებელი მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, რომელიც ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ არ დაარეგულირა და მისცა საშუალება 300-პროცენტიან, ზოგ შემთხვევაში 500-პროცენტიანი სესხების პასპორტის ქვეშ გაცემაზე. ამ დროს პოლიტიკური ქოლგა მიდიოდა, რომ ესენი არიან ბანკები, რადგან ადამიანისთვის, რომელიც ფულს იღებს, ყველა ბანკია. ეს იყო ძალიან დიდი დანაშაული.

საბოლოო ჯამში, მთელ მოსახლეობას შეაძულეს ბანკები, ეს გამართული სექტორი. მიდის საუბარი საბანკო სექტორზე, როგორც ფულის პოტენციურ გამთეთრებელზე და ჭარბვალიანობის გამომწვევზე. ჩვენ, ბანკები რომ არ ჩავრთულიყავით, ჭარბვალიანობა გაიზრდებოდა 2 მილიარდ-ნახევრამდე. იძულებული ვიყავით, 300-პროცენტიან სესხებს დაპირისპირებოდა 40-პროცენტიანი სესხები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მივმართეთ ოფიციალური წერილით და ვუთხარით, თქვენ რომ დღეს გვეუბნებით, ჩვენი 120 მილიონიანი პორტფელი მილიარდ 500 მილიონში უნდა ჩამოვწეროთ, სამი წლის მერე ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი რომ მოვა, ხომ შეიძლება მანაც უკანა რიცხვით თქვას ან ჩემმა აქციონერმა ნიუ-იორკში, რატომ ჩამოწერეთ 120 მილიონი სამ მილიონად, ვინ იყო ის, რომელმაც დაუთმეთ. ჩვენ სულ სხვა გათვლები გვქონდა, არ ვთვლით, რომ ეს 120 მლნ გასანულებელი იყო“, – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.