მამუკა ხაზარაძე - ქართული საზოგადოება არის ბრძენი, რომ თვითონ განსაზღვროს, რომელ კინოში წავიდეს, რა ნახოს
მამუკა ხაზარაძე - ქართული საზოგადოება არის ბრძენი, რომ თვითონ განსაზღვროს, რომელ კინოში წავიდეს, რა ნახოს

ქართული საზოგადოება არის ბრძენი, რომ თვითონ განსაზღვროს, რომელ კინოში წავიდეს, რა ნახოს, – ასე ეხმიანება „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს კინოთეატრებთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

მამუკა ხაზარაძის თქმით, ის ძალადობას ემიჯნება.

„კატეგორიულად ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას. ვფიქრობ, ქართული საზოგადოება არის ბრძენი, რომ თვითონ განსაზღვროს, რომელ კინოში წავიდეს, რა ნახოს და თვითონ გამოიტანოს დასკვნა. კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ის, რაც კანონით არის დაშვებული, არ შეიძლება ვიღაცამ თავისი გადაწყვეტილებით, მუქარის ფონზე, მიიღოს რაღაცა ქმედებები, რომ ვიღაცას შეუზღუდოს გადაადგილება, ყურება, მით უმეტეს, ცენზურის ელემენტები გაჩნდა, ეს არის მიუღებელი. ჩვენ ამის შესახებ განცხადება გავაკეთეთ „ლელოს“ ოფისში და ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოში გუშინ ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება ბიზსმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“  თავმჯდომარე  გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

აქციებზე რამდენიმე ინციდენტი და შეხლა-შემოხლა მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 27 პირი, ფილმის ჩვენებისას ოთხ ინციდენტზე მიმდინარეობს გამოძიება და ასევე, ფოტო-ვიდეო მასალების დამუშავება. მათ შორის მიმდინარეობს გამოძიება კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ვინაობა შემთხვევის ადგილზევე დაადგინა და 1984 წელს დაბადებული შ.შ. ბრალდებულის სახით დააკავა.

ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ. ასევე დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.

ამასთან, შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ 8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში დაგეგმილ​ი ყველა კინოჩვენება დაანონსებული დროის შესაბამისად გაიმართა.