მამუკა ხაზარაძე - პირდაპირ გეუბნებით, ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ, თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე
პირდაპირ გეუბნებით, ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ, თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, მისი თანაგუნდებელი დღე და ღამე მუშაობენ, რათა ანაკლიის პროექტი მივიდეს გამარჯვებამდე.
„პირველი გამარჯვება არის, რომ დავამთავროთ მოლაპარაკება იმ კორპორაციებთან, რომლებთანაც რამდენადაც ახლოს მივედით ხელის მოწერაზე, იმდენჯერ პროკურატურა შემოგვიქსიეს. შემოგვისიეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, თითქოს მე და ბადრი ფულის გამთეთრებლები ვართ. არ გამოგივათ. ეს ქმედება მიმართულია იმისკენ, რომ ვერ გადავიხადოთ ხელფასები, ვერ დავაფინანსოთ, ვერ მოვემსახუროთ კრედიტებს, რომლებიც ჩვენი რისკის ქვეშ, ჩვენი აქციების დაგირავების ქვეშ ავიღეთ, რათა ანაკლიის პროექტი მიგვეყვანა გამარჯვებამდე. პირდაპირ გეუბნებით, არც ეს გამოგივათ, რადგან ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ, თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე. „თიბისი ბანკში“ მე და ბადრის გვაქვს მინორიტარული აქციები, ჩვენ არასდროს არ ვაკონტროლებდით ბანკს, არასდროს არ გვქონია საკონტროლო პაკეტი და ამ გადასახედიდან შევქმენით ძალიან წარმატებული, 10 ათასკაციანი კომპანია, ისევე როგორც არ გვექნება საკონტროლო პაკეტი ანაკლიაში. საკონტროლო პაკეტი ცუდი კი არ არის, ამას იმიტომ ვამბობ, რომ ჩვენ ვართ გუნდური მოთამაშეები, ჩვენ ვიზიდავთ ქვეყანაში სხვადსხვა ახალ ინვესტორებს, ახალ პარტნიორებს, რომ ეს ქვეყანა მრავალფეროვანი გახდეს. ანაკლიაშიც არ გვექნება საკონტროლო პაკეტი. ჩვენი არ არის ანაკლია. უნდათ, რომ პერსონიფიცირება გააკეთონ, ბადრი, მამუკა და ანაკლია. ჩვენ ჩავეხსენით ანაკლიას, დავრჩით როგორც დამფინანსებლები, მაგრამ დღეიდან ესეც დაკეტეს, რადგანაც ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა. მთელი ჩვენი ცხოვრება, სულ გავიმეორებ, რომ ჩემი და ჩემი გუნდის თითოეულ ნაბიჯზე ვარ პასუხისმგებელი, თითოეულ ციფრზე, გადარიცხვაზე, კონტრაქტზე, რაზეც ხელი მოგვიწერია, ყველაფერზე ვართ პასუხისმგებელი“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.