პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ეუთო/ოდირის დასკვნაზე კომენტარს არ აკეთებს.
ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ შეაფასებს ეუთო-ს დასკვნას, მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ამის შესახებ დავით უსუფაშვილს ჰკითხონ.
„ოდირის დასკვნაზე დავითს ჰკითხეთ, უსუფაშვილს, რომელიც დეტალურად განმარტავს საკითხს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.
ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.