მამუკა ხაზარაძე - მივმართავ დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის ელჩებს, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ მოქალაქეებს, რატომ ტოვებს ხელისუფლება დაუცველს საქართველოს
მამუკა ხაზარაძე - მივმართავ დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის ელჩებს, სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ მოქალაქეებს, რატომ ტოვებს ხელისუფლება დაუცველს საქართველოს

მინდა, მივმართო დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში, თქვენ ხართ ქართველი ხალხის წარმომადგენლები მოკავშირე სახელმწიფოებში და არა ამ ხელისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ ანადგურებს ივანიშვილი და ეს ხელისუფლება ათწლეულების მანძილზე ნაშენებ მეგობრობას და დაუცველს ტოვებს საქართველოს, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია აღნიშნული.

ხაზარაძის თქმით, „ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და „ოცნების“ მიერ მეორე მოსმენით მიღებული „რუსული კანონი“ პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას“.

„ამის შესახებ თქვენ ყველაზე კარგად ხართ ინფორმირებული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგან, როგორც პირველწყარო. ქვეყნის დასავლური კურსის ფორმირებაში და განმტკიცებაში დიპლომატიური კორპუსის უდიდესი წვლილია, ისევე როგორც თითოეული თქვენგანის, როგორც ამ პროცესის უშუალო მონაწილეების.

დღეს ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია საკითხზე, რომელსაც არა მარტო ქვეყნის დასავლური ვექტორის ცვლილება მოაქვს, არამედ თქვენს მრავალწლიან შრომას პირდაპირ წყალში ყრის. ამ დროს სიჩუმე დანაშაულია საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე!

პოზიცია, რომ ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, არ მიიღება. საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!!!“ – აღნიშნავს მამუკა ხაზარაძე.