მამუკა ხაზარაძე - შეიქმნება წინააღმდეგობის მოძრაობა, რომელიც მხარს დაუჭერს ყველა აქტივობას „ხალხის ძალის“ კანონის ჩასაგდებად, სხდომაზე რომ გავა კანონი, ხალხი გამოვა მასშტაბურ აქციაზე
პოლიტსაბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს, როგორც არასდროს გაერთიანების დროა. საუბარი არ არის პარტიულ გაერთიანებაზე, ვსაუბრობთ იმ გაერთიანებაზე, რომელიც ეხება თითოეულ მოქალაქეს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ლელოს“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეიქმნას ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობა.
„საქართველოში, როგორც არასდროს, კრიტიკული მომენტია, სად იქნება ჩვენი ქვეყანა ხვალ. „ლელოს“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შექმნას ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მოძრაობა, რათა არ დავუშვათ საქართველოს აცდენა მისი ისტორიული არჩევანიდან, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ამ მიზნით, „ლელო“ აქტიურ თანამშრომლობას იწყებს ქართულ საზოგადოებასთან, ყველა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ჯგუფთან, რომელიც ამ ამოცანას იზიარებს; „ლელომ“ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს პროდასავლური ძალების ყველა ინიციატივას და აქტივობას, რომელიც ხელს შეუწყობს ამ კანონის ჩაგდებას და ჯდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში;
„ლელოს“ პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს ინტენსიური მუშაობა პოლიტიკურ ჯგუფებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მოქალაქეებთან და მედიასაშუალებებთან, რათა ყველა მოქმედების კოორდინირება მოხდეს. ახლა გაბუტვების დრო დამთავრდა. საქართველოს სერიოზული საფრთხე ემუქრება; ვიწყებთ ინტენსიურ მუშაობას, რათა შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც იმუშავებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, სადაც კონკრეტულად გავაჟღერებ მოთხოვნებს, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კანონპროექტს დაუჭერს მხარს, იქნას ძალიან მკაცრი სანქციების ქვეშ გატარებული. იმ დღეს, როდესაც „ქართული ოცნება“ რუსულ კანონპროექტს სხდომაზე დასამტკიცებლად გაიტანს, ქართველმა ხალმა, სწორედ 80%-მა, რომელმაც დიდი ხნის წინ მიღო გადაწყვეტილება, ჩვენი ქვეყანა ევროპის ნაწილი იყოს, ეს ხალხი გამოვა და კოორდინირებულად საზოგადოებრივ ძალებთან ერთად, დაიწყებს მასშტაბურ საპროტესტო აქციებს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ.