მამუკა ხაზარაძე - „ლელოს“ კარი ღიაა ყველასთვის და ეს არის დასტური, რომ ჩვენი რაოდენობა დღითი დღე იზრდება
„ლელოს“ დაარსების დღიდან არის დამოუკიდებელი ძალა, ასევე დამოუკიდებლად გავალთ არჩევნებზე, როგორც მაჟორიტარული სიებით, ასევე პარტიული სიებით, – ამის შესახებ „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, „ლელო“ არავისთან გაერთიანებას არ გეგმავს.
„ჩვენი კარი არის ღია და სწორედ ღიაობა არის იმის დასტური, რომ ჩვენი რაოდენობა დღითი დღე იზრდება. ეს სწორედ ის პლატფორმაა, სადაც ახალგაზრდა, ენერგიულ, პროფესიულ ძალებს თავს ვუყრით და საქართველოს ძალიან სერიოზულ რეფორმირებას ვაპირებთ. საბოლოო ჯამში ეს ისტორია, რომელსაც ერთწლიანი საკმაოდ მძიმე პერიოდი ახლდა, დასრულდა. „ლელო“ ახლა გადასულია წინასაარჩევნო კამპანიაზე, მთელი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ვიზრდებით და ვხსნით რაიონულ ორგანიზაციებს. ოქტომბერი ჩვენი ქვეყნისთვის იქნება გადამწყვეტი, რათა ეს უუნარო მთავრობა, რომელმაც გააჩერა მთელი ქვეყანა, წაართვა მომავალი, პერსპექტივა უნდა გავისტუმროთ და დაიწყოს ყველა მიმართულებით სწრაფი აღორძინება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.