მამუკა ხაზარაძე - გარე საფრთხეების კი არ მეშინია, როგორც ქართველს, მეშინია შიდა საფრთხეების, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს
დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს, ამიტომ გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა ფაქტორის გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ბიზნესმენმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არსებულ რისკებზე დასმულ კითხვას უპასუხა. მისი თქმით, პირველი საფრთხე ოკუპირებულ ტერიტორიებს უკავშირდება, რადგან ანაკლიის პორტი ე.წ. საზღვრიდან ოთხ კილომეტრშია. მისივე თქმით, საფრთხის პარალელურად, „ეს არის ახალი შესაძლებლობების შეთავაზება აფხაზი ძმებისთვის“.
„პირველი ეტაპის სამუშაოებისას ძალიან ბევრი გალელი დავასაქმეთ. დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანების ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება, როდესაც პორტის მშენებლობა დასრულდება. გვაქვს კომუნიკაცია აფხაზ მეგობრებთანაც, რადგან გამოსავალი ყველას უნდა. მე ბიზნესმენი ვარ, არ ვარ პოლიტიკოსი, მე ვთვლი, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ენა არის ძალიან კარგი საყრდენი, რომ გარემო შევცვალოთ. ანუ, ერთის მხრივ არის საშიშროება, რომელსაც ვერაფერს ვუშვებით, მაგრამ მეორე მხრივ, არის ახალი ფურცელი, რომლითაც ვეუბნებით, ახალი ცხოვრება დავიწყოთ, მოდი, ერთად ვაკეთოთ ბიზნესი, მოდი, ჩაერთეთ ამ საქმეში და ამხელა, გრანდიოზული მშენებლობა და შემდეგ მისი ოპერირება მეტ-ნაკლებად მოუტანს სიკეთეს არამარტო სამეგრელოს რეგიონს, არამედ ზემოთაც.
მეორე საფრთხე ისტორიულადაც ყოველთვის მოდის შიგნიდან, საქართველოდან. ჩვენთან ყოველთვის არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც, რატომ ვერ გავიგე, მაგრამ ეწინააღმდეგება, ეომება ან ებრძვის პროგრესს. არ მინდა გამოვიყენო – ისინი აგენტები არიან, მტრები არიან, მაგრამ სამწუხაროა, რომ დღესაც კი ამ რეალობაში ვართ. ჩერჩილს აქვს კარგი ნათქვამი, თუ გინდა, მიზნამდე მიხვიდე, ყველა ძაღლს არ უნდა მოუქნიო ჯოხი, თორემ ვეღარსად მიხვალ. შედარებაში არ ჩამომართვათ, უბრალოდ ციტატაა ასეთი. დღეს არიან ადამიანები, რომლებიც ებრძვიან პროგრესს. ეს არის პრობლემა. ამიტომ მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების, როგორც ქართველს, რადგან ძალიან ბევრჯერ ახლოს ვიყავით წარმატებასთან და სწორედ შიდა რაღაცების გამო, რომელიც ხშირად იმართება სხვადასხვა ძალით, ქვეყნის უკან დაწევა ხდება. ეს საკმაოდ დამაფიქრებელი რამ არის და უნდა ამოვხსნათ, რა გვჭირს ქართველებს, რომ სულ დაპირისპირებაში ვართ და როცა ვიღაცას წარმატება აქვს, იმას ვებრძვის“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ანაკლიის პორტს თავისი კანონმდებლობა ექნება, რომლის საშუალებითაც ინვესტორები ნებისმიერ სამართლებრივ დავას ადგილზე მოაგვარებენ.
ხაზარაძის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის ზონაში საჭიროა ისეთი კანონმდებლობის შეტანა, რომელიც თანამედროვე ქვეყნიდან ჩამოსულ ნებისმიერ ინვესტორს მისცემს საშუალებას, რომ ბიზნესი გასაგებ, სამართლებრივ ჩარჩოში აწარმოოს. ქართულ კანონმდებლობას, მისი თქმით, ამ მხრივ ბევრი ხარვეზი აქვს.
გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე და იმ უპირატესობებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სხვა ქვეყნებთან მიმართებით აქვს.
„საქართველოს და ამ შემთხვევაში ანაკლიას აქვს აბსოლუტურად უნიკალური პოზიციონირება, ჰქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი, მიიღოს ნებისმიერი ზომის გემი, ამასთან, მოხდეს ამ პროდუქციის გადამუშავება და შემდეგ, როგორც ქართული პროდუქტის ისე გადაგზავნა, ჩინეთის, ევროპის და ა.შ. მიმართულებით. იმედია, აშშ-სთან შეთანხმებაც მალე იქნება. ეს არის ჩვენი დიდი კონკურენტული უპირატესობა სხვა ქვეყნებთან შედარებით. იმიტომ, რომ თუ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს გადავხედავთ, თუნდაც დსთ-ისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, მათთვის ეს არის იგივე ჩინეთი, რადგან აქ დამზადებული პროდუქტი ევროპის ბაზარზე შევა დაბეგვრის გარეშე. სწორედ ეს არის მთავარი გასაღები“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
მამუკა ხაზარაძის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა 12 თებერვალს გაიმართა, რისი ამსახველი ფოტომასალაც უნივერსიტეტმა საკუთარ გვერდზე იმავე დღეს გაავრცელა, ხოლო შეხვედრის ვიდეოჩანაწერი უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.