მამუკა ხაზარაძე - გახარიასთან პიროვნული ამბავი არ მაქვს, მას და მის თანაგუნდელებს არაფერს ვერჩი, ბევრ რამეში ხედვები ერთმანეთს ემთხვევა, მაგრამ იქნება ეს მისაღები ამომრჩევლისთვის? თუ ეს სინერგიას მოიტანს, პიროვნული თემა არ მაქვს
გიორგი გახარიასთან პიროვნული ამბავი არ მაქვს, ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხებზე, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს, ისევე როგორც თავად გახარიას, მე ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ. ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ, იქნება ეს მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? ეს სინერგიას მოგვცემს? – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, თუკი გიორგი გახარიას გუნდთან თუნდაც საუბარი სინერგიის მომტანი არ იქნება და ეს ვიღაცის მოლოდინს დაანგრევს, მაშინ „ამის გაკეთება არ ღირს“.
ამასთან, ხაზარაძის თქმით, გიორგი გახარიას პარტიის და მათი ხედვები „თითქმის უმეტეს ნაწილში, ერთმანეთს ემთხვევა“.
„გიორგი გახარიასთან პიროვნული ამბავი კი არ მაქვს, ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხებზე. ეს არ არის რაღაც ვიჩხუბეთ და ასე შემდეგ, შესაბამისად, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს, ისევე როგორც გიორგი გახარიას. ნორმალური ადამიანები არიან და ძალიან ბევრ რამეში, თითქმის უმეტეს ნაწილში, ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. ამ ყველაფერს ვუყურებ სხვანაირად. ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ, იქნება ეს მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? ეს სინერგიას მოგვცემს? თუ ეს სინერგიას იძლევა და სწორედ სინერგიისთვის გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი, როცა ოთხი სხვადასხვა პარტია ამ ბლოკში გავერთიანდით… ამიტომ მინდა, ძალიან მკაფიოდ, გულახდილად და გულწრფელად გითხრათ, არანაირი პიროვნული ამბები არ არსებობს, არსებობს, გვაძლევს თუ არა ეს სინერგიას და არსებობს პრინციპული საკითხების გარშემო შეთანხმება. ეს არც თანამდებობას ეხება, არც კვოტების განაწილებას, ეს ეხება მიიღებს თუ არა, ასე ვთქვათ, პირველ ეტაპზე საუბარს ჩვენი ამომრჩეველი (დრო საკმარისია) და იქნება თუ არა ეს სინერგიის მომტანი.
თუ ეს სინერგიის მომტანი არ იქნება და თუნდაც ეს საუბარი დაანგრევს ვიღაცის მოლოდინს, რომელიც ჩვენ მიმართ აქვს, ან შეიძლება, მათ მიმართ აქვს, მაშინ ამის გაკეთება არ ღირს. თქვენ კვლევების შედეგად ხედავთ, რომ დღეს ოთხივე ოპოზიციურ პარტიას არ აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა. თუ ეს სინერგიას მოიტანს და დავრწმუნდებით, რომ სინერგიის მომტანია, კიდევ ვიმეორებ, პიროვნული თემა არ მაქვს, მე ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავიყვანოთ პოლიტიკური მმართველი პოზიციის ავანსცენიდან. ეს არის ჩემი ნომერ პირველი ამოცანა იმიტომ, რომ თუ ეს ვერ მოახერხა „თეორიაში“ ოპოზიციამ და მინდა ვთქვა, რომ ამას ახერხებს ამ მონაცემებით, მაგრამ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, ეს რომ გავაკეთოთ, მაშინ ქვეყანა ჩავარდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ვიქნებით იზოლირებული და რაღაცა მოდელი, აღარ მინდა, რომელიმე ქვეყანა ვახსენო, მაგრამ ყველა მიხვდება რანაირი ტიპის ჰიბრიდული მმართველობა ჩამოყალიბდება აქ.
შესაბამისად, კიდევ ვიმეორებ, ეს არის კვლევის, კონსულტაციების და იმ სინერგიის აღმოჩენის შედეგი. ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაცა, რომ მომიტრიალდეთ და მითხრათ, რომ „უპრინციპო ადამიანი ხარ, გუშინ ჩხუბობდი და დღეს გაერთიანდი და ა.შ.“ კიდევ ვიმეორებ, პიროვნული თემა ჩემთვის არის ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი, როცა ქვეყნისთვის მართლა ეგზისტენციალური საკითხი დგება. ვერავინ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ მე ოდესმე დამიყენებია პიროვნული საკითხი წინ, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება. ასეთი რაღაც არ არსებობს და არც იარსებებს არასდროს! უამრავი ჰობი მაქვს, უამრავი პროექტი მაქვს, მე არც თანამდებობას ვეძებ, არც დეპუტატობას ვეძებ. იცით, რომ ვიყავი დეპუტატი და დავტოვე მანდატი, სწორედ იმის გამო, რომ მეჩვენებინა – არ ვეფარები არანაირ პოლიტიკურ სარჩულს. თქვენ გახსოვთ, რომ მანდატი სასამართლომდე დავტოვე. ახლა სტრასბურგშია ჩვენი საქმე და იქაც მოვიგებთ. დრო სჭირდება ამას და მე ბრძოლას არასდროს შევწყვეტ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.