მამუკა ხაზარაძე - ეძებეთ პრობლემა ეროვნულ ბანკში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, პროკურატურაში და ნუ გადაგაქვთ ისრები სხვაგან
ეძებეთ პრობლემა იქ, სადაც არის, პრობლემა არის ეროვნულ ბანკში, ფინანსური მონიტორინგის სამსახურში, პროკურატურაში. ისრები სხვაგან ნუ გადაგაქვთ,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საქართველოში 30 ათასი ლარის ოდენობით ყველა ოპერაცია მონიტორინგს ექვემდებარება.
„ჩვენ ვლაპარაკობთ ბანკზე, რომლის პარტნიორი იყო ფულის გათეთრებაში რუსეთში ორჯერ შემჩნეული ბატონი გავრილოვი და მისი პარტნიორები საქართველოში. იქ ეძებეთ პრობლემა”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ უარყო მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ „თიბისი ბანკში“ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციებს ადასტურებს.
ბუცხრიკიძის თქმით, გავრცელებული დოკუმენტი არის ტექნიკური და ფულის გათეთრებასთან კავშირი არ აქვს. მისივე განმარტებით, „პროგრეს ბანკის“ შესყიდვამდე აუდიტორული დასკვნა ჩაატარეს.