ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკის" საეჭვო ტრანზაქციებზე დოკუმენტაცია არ არსებობს
ვახტანგ ბუცხრიკიძე აცხადებს, რომ „პროგრეს ბანკის" საეჭვო ტრანზაქციებზე დოკუმენტაცია არ არსებობს

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე უარყოფს მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „თიბისი ბანკში“ არსებობს დოკუმენტაცია, რომელიც „პროგრეს ბანკში“ საეჭვო ტრანზაქციებს ადასტურებს.

ბუცხრიკიძის თქმით, გავრცელებული დოკუმენტი არის ტექნიკური და კავშირი არ აქვს ფულის გათეთრებასთან.

„დოკუმენტი, რომელიც ჩანდა სატელევიზიო გადაცემებში, არის „დელოიტის“ დოკუმენტი. ეს არის ტექნიკური დოკუმენტი და არანაირად არ უკავშირდება ფულის გათეთრების საერთაშორისო დასკვნას. ეს დოკუმენტი არის წარმომადგენლების უფლებამოსილების დამოწმების ხელშეკრულება, შესაბამისად, როცა ვნახეთ დოკუმენტი გადავუგზავნეთ ეროვნულ ბანკს“,- აღნიშნა ბუცხრიკიძემ.

მისივე განმარტებით, „პროგრეს ბანკის“ შესყიდვამდე აუდიტორული დასკვნა ჩაატარეს.

„ჩვენ შევიძინეთ „პროგრეს ბანკის“ აქტივები და ვალდებულებები. ამასთან დაკავშირებით გავაკეთეთ ფინანსური და იურიდიული შემოწმება და ამის საფუძველზე შევიძინეთ აქტივები და ვალდებულებები”,- განაცხადა ბუცხრიკიძემ.

კითხვაზე, 95%-იანი წილის შეძენის შემდეგ არსებობდა თუ არა თიბისი ბანკში დასკვნა, რომ დარჩენილენილი პროცენტები იძლეოდა გარკვეული რისკის საფუძველს, რომ შესაძლოა ფულის გათეთრებასთან გვქონოდა საქმე, ბუცხრიკიძე პასუხობს:

„არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი შესწავლა არ გაგვიკეთებია. ჩვენი ინტერესის სფეროს ეს არ წარმოადგენდა. მხოლოდ ის ნაწილი იყო შესწავლილი, რომლის აქტივების და ვალდებულებების შეძენას ვაწარმოებდით. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში დაახლოებით 4 ასეთი ან უფრო დიდი ტრანზაქცია გვაქვს გაკეთებული და ყოველთვის, როდესაც ვაკეთებთ შესაბამის ფინანსურ და იურიდიულ აუდიტს ვაწარმოებდით”,- აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ბუცხრიკიძის თქმით, ეროვნულმა ბანკმა ითხოვა ის დოკუმენტები, რაც იყო სატელევიზიო სიუჟეტებში გაჟღერდა.

„ეროვნულმა ბანკმა ითხოვა ის დოკუმენტები, რაც იყო სატელევიზიო სიუჟეტებში გაჟღერებული. როგორც მახსოვს, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული საერთაშორისო აუდიტური დასკვნა“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.

დატოვე კომენტარი