მამუკა ხაზარაძე - ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს-ს ხელში ვართ
მამუკა ხაზარაძე - ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს-ს ხელში ვართ

ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს-ს ხელში ვართ, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გენერალურ პროკურატურასთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც უწყებაში 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე დაიბარეს.

„გამოძიებას ტრანზაქციაზე სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. იცით, რომ რამდენიმე ორგანიზაციამ, იურიდიულმა და აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატარა ამის გამოკვლევა. ეს, რაც დღეს თქვეს, არის აბსოლუტური აბსურდი. ძალიან მრცხვენია, რომ ასეთი პროკურატურისა და შსს-ს ხელში ვართ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა დაკავებას, ხაზარაძე აცხადებს, რომ არაფერს გამორიცხავს და ყველაფრისთვის მზად არის.

„არასდროს არაფერს გამოვრიცხავ, მით უმეტეს, იმ სამწუხარო ქაოსში, რომელიც ქვეყანაშია, რომელიც არ არის ორიენტირებული მშნებელობასა და ხვალინდელ დღეზე, არის ერთმანეთის ჩაძირვაზე, ჭორაობაზე და ასეთ მსგავს რაღაცებზე აწყობილი პოლიტიკა. ამიტომ, არაფერს გამოვრიცხავ, მზად ვარ ყველაფრისთვის, ვერავინ ვერავის შეაშინებს. ამ ქალაქში გავიზარდე და ძალიან ბევრი რამ მინახავს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ. პროკურატურა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალს წარუდგენს და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს მიმართავს.