მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საუბარს საკომიტეტო მოსმენის ფორმატში გეგმავენ
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საუბარს საკომიტეტო მოსმენის ფორმატში გეგმავენ. მანამდე კი ჟურნალისტებთან ვრცელი საუბრისგან თავს იკავებენ.
„თუ მომეცა საშუალება ვთქვა კომიტეტის სხდომაზე, ყველა კითხვაზე იქნება პასუხი გაცემული“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, მან უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. „ანაკლიის პროექტი არ გაჩერდება. ყველაფერი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც ესწრებიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ასევე, „თბისი ბანკის“ დამფუძნებელები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. კომიტეტის დღის წესრიგის თანახმად, დღეს „თიბისი ბანკის“ საკითხზე მოსმენა უნდა გაიმართოს, თუმცა, ეროვნულმა ბანკმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპისა და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.