ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია
ეროვნულ ბანკს „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის პარლამენტში განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია

საქართველოს ეროვნული ბანკი პარლამენტში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საკითხის განხილვის წინააღმდეგია.

ეროვნულმა ბანკმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

„საქართველოს ეროვნული ბანკი, საბანკო-საფინანსო სექტორის რეგულატორი და ქვეყნის ფინანსურ-ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტია. ეროვნული ბანკი რეგულარულად ახორციელებს ქვეყანაში მოქმედი ბანკების და საფინანსო ორგანიზაციების მონიტორინგს და მათი საქმიანობის შესაბამისობას ბაზარზე დაწესებულ რეგულაციებთან.

საქართველოს ეროვნული ბანკი საქმიანობას მაქსიმალური გამჭვირვალობით წარმართავს და კანონმდებლობისა და რეგლამენტის თანახმად, ყოველთვის პასუხობს საკანონმდებლო ორგანოს შეკითხვებს. თუმცა, კომერციული საიდუმლოს დაცვის პრინციპის და ბაზარზე რეგულატორის როლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, რომელიმე კონკრეტულ ბანკთან დაკავშირებული საზედამხედველო ზომების განხილვა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ამგვარი დისკუსიებით შესაძლოა, ზიანი მიადგეს საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს.

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მომართვის შემდგომ, 21 თებერვალს გავრცელდა ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის“ ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, კომიტეტის მიერ შემოთავაზებული განსახილველი საკითხი ორივე მხრიდან ამოწურულია. ამასთანავე, „თიბისი ბანკი“ წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და იზიარებს ეროვნული ბანკის მხრიდან დაწესებულ მოთხოვნებს. იმავე დღეს, ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა ამ საქმესთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, რომელიც ეროვნული ბანკის მიმართ არსებულ ყველა კითხვას მაქსიმალურად სრულად პასუხობს“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

უწყების განმარტებით, მარეგულირებლის მიერ გამოყენებული საზედამხედველო ზომების განხილვა, მით უმეტეს მას მერე, რაც თავად ეს სუბიექტი აღნიშნულ ღონისძიებებს დაეთანხმა, დარგის სპეციფიკისა და ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობის გათვალისწინებით მიზანშეუწონლად მიაჩნია.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ეროვნული ბანკი ქვეყანაში მდგრადი და სტაბილური საბანკო-საფინანსო სექტორის არსებობის გარანტია. ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკა ყოველთვის იმსახურებდა უმაღლეს შეფასებებს საერთაშორისო დონეზე“, – აცხადებს ეროვნული ბანკი .

რაც შეეხება, კომიტეტის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს, რომელიც ეხება ეროვნული ბანკის მიერ 2019 წლის პირველ იანვარს შემოღებულ რეგულაციებს, ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ინტენსიურად აკვირდება რეგულაციის მიმდინარეობის პრაქტიკას და ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული დასკვნის გამოტანა ნაადრევია. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს აღნიშნული საკითხის მოგვიანებით განხილვას სთავაზობს.

ამასთან, უწყება ხაზს უსვამს სარეიტინგო კომპანია „ფიტჩისრეიტნგს საქართველოს შესახებ და აცხადებს, რომ ორგანიზაციის მიერ  22 თებერვალს გამოქვეყნებული საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესების პრესრელიზი ცალსახად აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკის მიერ რეგულაციით დაწესებული პრინციპების დანერგვა ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური რისკების შემცირებას.

„ეს კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურ ზრდას საშუალო და გრძელვადიან პერიოდში“, – აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის მოხსენება ხვალ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი. დღის წესრიგის მიხედვით მოხსენების პირველი თემა ეროვნული ბანკის მიერ შემოღებულ ახალ რეგულაციებს ეხება, ხოლო მეორე „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესებს.