მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვემხრობით კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას
მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვემხრობით კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას

ჩვენ ვემხრობით კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიგვაჩნია, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს. ამიტომ საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნებამდე, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ხაზარაძე წერს, ეს ეკლესიას დაიცავს „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო პროპაგანდაში ჩათრევის მცდელობისგან და საკონსტიტუციო დონეზე კიდევ ერთხელ გაამყარებს მის სტატუსს.

„12 წელია, „ქართული ოცნება“ და ბიძინა ტყუილში აცხოვრებენ ჩვენს მოქალაქეებს. 100 ქარხნის აშენებით, თითო სოფელში 5 მილიონის დარიგებით, უფასო ფულით, ტარიფების განახევრებითა და კიდევ უამრავი ცრუ დაპირებით მოახერხეს ხელისუფლების შენარჩუნება და ახლა ეკლესიის თემით უნდათ მანიპულირება.

აქვე ვიტყვი, საქართველო მართლმადიდებელი ეკლესიის გარეშე არ არსებობს და არც იარსებებს!

დღეს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა კონსტიტუციური შეთანხმებით – კონკორდატის საშუალებით რეგულირდება. ამ მოლაპარაკებასა და დოკუმენტის შექმნაში მეც აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული, რითიც ვამაყობ. ეს არის ყველაზე მაღალი რანგის სტატუსი კონსტიტუციის შემდეგ.

თუ ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დაპირება წინასაარჩევნო ტრიუკი არაა, მაშინ გააჟღერონ, რას სთავაზობენ ეკლესიას და რა კონსულტაციები დამთავრდა წარმატებით. თუ ეს ასეა, ჩვენ ახლავე დავუჭერთ მხარს, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი შეთავაზება ეკლესიისთვის მისაღები იქნება.

ჩვენ ვემხრობით კონსტიტუციის დონეზე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლის მკაფიოდ დაფიქსირებას ქართული სახელმწიფოს ცხოვრებაში და მიგვაჩნია, რომ ამაზე მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა თანხმდებოდეს. ამიტომ საკონსტიტუციო ცვლილებაზე კენჭისყრა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნებამდე. ეს ეკლესიას დაიცავს „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნო პროპაგანდაში ჩათრევის მცდელობისგან და საკონსტიტუციო დონეზე კიდევ ერთხელ გაამყარებს მის სტატუსს.

P.S.  არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბიძინა და „ოცნებაა“, რომლის „სუსი“ უსმენს, იწერს და მერე ეკლესიის შანტაჟისთვის „კრებსებს“ ასაჯაროებს“, – წერს მამუკა ხაზარაძე.