მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვემხრობით ძლიერი ქალის პრინციპს, მივესალმები, ისე მოვაწყოთ ჯარი, რომ ქალები იყვნენ პროცესში ჩართული და მოწინავე რიგებში
მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვემხრობით ძლიერი ქალის პრინციპს, მივესალმები, ისე მოვაწყოთ ჯარი, რომ ქალები იყვნენ პროცესში ჩართული და მოწინავე რიგებში

სამწუხაროდ, ჩვენს ეკონომიკას დღეს ქალები ასაზრდოებენ, რომლებიც უცხოეთიდან გამორიცხული თანხებით ასაზრდოებენ ქართულ ეკონომიკას, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას ქალთა როლის გაძლიერების საკითხებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული ეკონომიკა დგას უცხოეთიდან გზავნილებზე, რაც უნდა შეიცვალოს. ხაზარაძის თქმით, ქვეყანაში უნდა შეიქმნას სამუშაო ადგილები და დაიწყოს წარმოება.

„ევროპასთან შედარებით, ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ქალაქი გავხდით, რადგან „ქართული ოცნების“ პოლიტიკამ მომხმარებელ ერად გაგვხადა. საქართველო არ აწარმოებს და არ არის ექსპორტზე ორიენტირებული. ქართული პროდუქცია ჩაანაცვლა იმპორტირებულმა პროდუქციამ. ეს არის შესაცვლელი.

დღეს, სამწუხაროდ ჩვენს ეკონომიკას ქალები ასაზრდოებენ, უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებით ასაზრდოებენ ქართულ ეკონომიკას, რადგან აქ არ არის სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები გაქრა, ადამიანები უცხოეთში წავიდნენ. 2023 წლის მონაცემებით, ჩვენმა ემიგრაციამ 4 მილიარდი დოლარი გადმორიცხა. ამაზე დგას ქართული ეკონომიკა. გპირდებით, რომ ეს პროპორცია შეიცვალოს, შეიქმნას სამუშაო ადგილები და ქვეყანამ დაიწყოს ისეთი წარმოებები, რომლებიც გენერირებას გაუწევს ჩვენს ბიუჯეტს. ჩვენ ვემხრობით ძლიერი ქალის პრინციპს. მივესალმები, ისე მოვაწყოთ ჯარი, ქალები იყვნენ ამ პროცესში ჩართული და მოწინავე რიგებში. ამას კანონმდებლობა არ სჭირდება, ამას სჭირდება სურვილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენი სიის ნახევარი იყოს ქალი. ეს კულტურა უნდა დაინერგოს. ეს არ არის რევერანსი, ეს არის საქმისთვის საჭირო საკითხი“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძემ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზეც ისაუბრა.

„ამის გამოწვევ მიზეზებზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის ნარკომანია, უმუშევრობა, სათამაშო ბიზნესი, ისეთი, რამ რაც ადამიანს აგდებს კრიტიკულ მდგომარეობაში, რის შემდეგაც აგრესია იჩენს თავს. ნარკომანიას უნდა გამოვუცხადოთ სერიოზული ბრძოლა. ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია, რომელმაც ამ საკითხზე ღიად დავიწყეთ საუბარი. ინიექციური ნარკომანიით ჩვენ მსოფლიოში 1-ელ ადგილზე ვართ, რაც არის კატასტროფა. ეს პრობლემა უნდა დავამარცხოთ, რადგან ერი გვიკვდება. სათამაშო ბიზნესი, რომელიც მთელი ეკონომიკის 1/3 ისე უნდა დაიბეგროს, რომ არ დაიხუროს, მაგრამ სამართლიანად დაიბეგროს და თანხა ბიუჯეტში შევიდეს, რომელიც პენსიონერებს უნდა დავურიგოთ“, – აღნიშნა ხაზარაძემ.