მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვართ სუფთა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მე, ბადრი და მთელი ჩვენი გუნდი ბიზნეს ვაკეთებთ
მამუკა ხაზარაძე - ჩვენ ვართ სუფთა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მე, ბადრი და მთელი ჩვენი გუნდი ბიზნეს ვაკეთებთ

ჩვენ ვართ სუფთა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც მე, ბადრი და მთელი ჩვენი გუნდი ბიზნეს ვაკეთებთ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, რომ არც მას და არც ბადრი ჯაფარიძეს ბრალი არ მიუძღვით.

„არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა არასდროს, ჩვენ ვართ სუფთა არამარტო ამ საქმეში, არამედ მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენ ბიზნეს ვაკეთებთ.  ფაქტია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიულ მმართველობასთან, მის კერძო ადვოკატთან, რომელიც დღეს დანიშნულია მთავარ პროკურორად, უდიპლომო და უცოდინარ ადვოკატთან. ასეთივე უცოდინარი პროკურორები, ურცხვად ითხოვდნენ იმ მტკიცებულებების ამოღებას, რომელიც მოიპოვეს ჩვენმა ადვოკატებმა, ეს ხალხი არ არის ღირსი, რომ საქართველოს ემსახუროს, არ არის ღირსი ჩვენი ქვეყანა, რომ ესეთი სამართალი ქონდეს და ჩვენ ამ სიტუაციას შევცვლით, დავტოვებთ ღირსეულ ადამიანებს. საბედნიეროდ, ჩვენ გვყავს ღირსეული იურისტები, ღირსეული მოსამართლეები“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძის თქმით, ის აპირებს, „ქვეყანა გაწმინდოს და ღირსეული ადამიანების ხელში დატოვოს“.

„ერთი დამპალი ვაშლის ამბავი რომ არის, მთელ კალათას რომ ალპობს და აფუჭებს, სწორედ ასეა. ამ სისტემას ჩვენ გავწმენდთ, დავტოვებთ ამ ქვეყანას ღირსეული წესიერი ადამიანების ხელში. ამას მე გპირდებით და ეს მოხდება.

ბიძინა ივანიშვილის საბჭოური მენტალიტეტი, რეიდები, რომელიც მან რუსეთში ისწავლა და საქართველოში ახორციელებს, მეთოდები, დაპირებები, ტყუილები, რომელიც ორი საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ჩვენ მოვისმინეთ, – მინდა, „ოცნების“ წევრებს ვუთხრა, ცოტა შეგრცხვეთ, სად დგახართ,  თქვენს შვილებს ჩახედეთ თვალებში, რას ჰპირდებოდით ხალხს და რა მივიღეთ რეალურად. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად დიდი ჭაობი. აქ არის საუბარი  სამშობლოზე, ჩვენს შვილებზე, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გამოძიების ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 26 ივლისს შეუფარდა, თითოეულს 700 000 ლარის ოდენობით. გარდა ამისა, მათ აეკრძალათ საზღვრის დატოვება საგამოძიებო უწყების გაფრთხილება-თანხმობის გარეშე.

საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც. ბრალდება წარდგენილია მის მიერ 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა. წერეთელმა გირაო გადაიხადა. ადვოკატის ინფორმაციით, გირაოს საფასური მისმა ოჯახის წევრმა უძრავი ქონებით უზრუნველყო.