მამუკა ხაზარაძე - ბადრი ჯაფარიძე და მე ერთი ოჯახის წევრებიც ვართ, შესაბამისად, შუამავლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი
ბადრი ჯაფარიძის შემდეგ, „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მასსა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შორის წერილის გადაცემაზე შუამავალი ბადრი ჯაფარიძე იყო.
როგორც ხაზარაძემ ჟურნალისტებს განცუხადა, ის და ჯაფარიძე არა მხოლოდ პარტნიორები, არამედ ერთი ოჯახის წევრები არიან.
„იცით, რომ ბადრი ჯაფარიძე და მე ვართ არა მარტო პარტნიორები, არამედ ერთი ოჯახის წევრები და შესაბამისად, შუამავლობაზე არ შეიძლება ლაპარაკი, რამეთუ ჩვენ ვართ ერთი მხარე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ამასთან, 19 მარტს „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელმა, ბადრი ჯაფარიძემ არასერიოზული უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც შს მინისტრის, გიორგი გახარიას წერილი ხაზარაძეს მან გადასცა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა. პროკურატურის ცნობით, წერილს არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა და ხელმოწერა.